ახალი ამბები
პროკურატურამ პოლიციელების მიერ ნაცემ მოქალაქეებს გაუთქმელობა დააკისრა
გორში პოლიციელების მიერ ნაცემ მოქალაქეებს და მათ ადვოკატებს პროკურატურამ გაუთქმელობის ვალდებულება დააკისრა.

ადვოკატ რევაზ რევაზიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარემ დაზარალებულები არჩევანის წინაშე დააყენა:

„პროკურატურის ინტერესია - ობიექტური და სამართლიანი გამოძიების მომიზეზებით - დაიდოს გაუთქმელობის ხელწერილი... წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ კანონი აძლევს შესაძლებლობას, არ გაგვაცნონ საქმის მასალები. ჩვენ დავდექით არჩევანის წინაშე და გავაკეთეთ არჩევანი, მასალებზე წვდომის სასარგებლოდ, მოვაწერეთ ხელი გაუთქმელობას და საქმე სრულად გადმოგვეცა კიდეც...“ - ამბობს რევაზ რევაზიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

გაუთქმელობის ხელწერილის მიხედვით, თუ საქმის მასალები საჯარო სივრცეში გავრცელდება, მასალების გამავრცელებელს სისხლის სამართლებრივი პასუხიამგებლობა დაეკისრება.

შეგახსენებთ, გორში ძალადობის საქმეზე ექვსი პოლიციელია დაკავებული. მათ 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დაკავებული პოლიციელები არიან ვლადიმერ გოდერძიშვილი, ვანიკო მისირელი, გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილი, ალექსი ბადალოვი, ბესო მალაციძე, საბა წაველიძე;
დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს ორ ადგილობრივს: პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისონაშვილს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები