ახალი ამბები
5000 ლარიანი ჯარიმა ავტოავარიისთვის
გორში მძღოლი 5 000 ლარით დააჯარიმეს მას შემდეგ, რაც ბენზინგასამართ სადგურში შესასვლელად საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა და ავარია გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაზარალდა, მათგან ერთი მძიმედ დაშავდა

საქმის მასალების მიხედვით, შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-ის მონაკვეთზე მოხდა. „Nissan Tiida“-ს მძღოლმა მარცხნივ მოხვევისას, ბენზინგასამართ სადგურში შესასვლელად, საპირისპირო მოძრაობის ზოლი გადაკვეთა და „Opel Astra“-ს შეეჯახა.

განაჩენის მიხედვით, ავარიის შედეგად „Nissan Tiida“-ს ერთმა მგზავრმა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო, კიდევ სამმა პირმა კი ნაკლებად მძიმე დაზიანებები. თავად მძღოლიც დაზარალებულთა შორის იყო.

სხდომაზე დაიკითხა თვითმხილველი, რომელმაც განაცხადა, რომ „Nissan Tiida“-მ ჩართო მოსახვევის მაჩვენებელი და უეცრად დაიწყო საპირისპირო ზოლის გადაკვეთა ბენზინგასამართ სადგურში შესასვლელად. ამ დროს საპირისპირო მხრიდან მოდიოდა „Opel Astra“, რომელიც ძალიან ახლოს იყო. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „Opel Astra“-ს მძღოლმა თითქოს სცადა რეაგირება და დამუხრუჭება, შეჯახება მაინც მოხდა.

ექსპერტიზის ცნობით, ,,ოპელ ასტრას" მძღოლს დამუხრუჭების მანძილი მხოლოდ 37 მ ჰქონდა, მოძრაობდა 70 კმ/სთ სიჩქარით და არ შეეძლო ავარიის თავიდან აცილება.

სასამართლომ დაადგინა, რომ ავარიის მიზეზი ,,ნისან ტიდას" მძღოლის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა გახდა. მას 5 000 ლარის ჯარიმა და 6 თვით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა მიესაჯა.

მსჯავრდებულის ადვოკატი გამამართლებელ განაჩენს და მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობას ითხოვდა, მისი მტკიცებით, ,,ოპელ ასტრა" გაცილებით მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, თუმცა ეს ვერ დამტკიცდა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებები ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ გასაჩივრდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები