ახალი ამბები
მიკედლებული და გაუჩინარებული ძაღლის ძიებაში
ლელა გურგენაშვილი გორის ბაზრიდან წაყვანილ ორ ძაღლს ეძებს.

ცხოველთა დამცველი აცხადებს, რომ ორი მიუსაფარი ძაღლი მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს დაპირებით, რომ მათ მკურნალობას ჩაუტარებდნენ და უკან დააბრუნებდნენ.

გურგენაშვილის თქმით, საუბარია მოზრდილ ლეკვსა და ორსულ ძაღლზე, რომლებიც ბაზრის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და ადგილობრივი მოსახლეობის მზრუნველობის ქვეშ იყვნენ.

„ავტოსადგურში იყო მოზრდილი ლეკვი, ახალი გადმოსმული. ვუყიდე ტკიპის წამალი, დავასხი და რამდენიმე დღეში გასტერილებას ვაპირებდი. შემდეგ კიდევ გადმოსვეს ახალი, ორსული ძაღლი. ეს ორივე ძაღლი ვითომ ავად იყო და ბაზრის ერთ-ერთმა მოვაჭრემ თავშესაფარს გაატანა სამკურნალოდ“, – ამბობს ლელა გურგენაშვილი.

„შეგვპირდნენ – ვუმკურნალებთ და მოგიყვანთო. 2 ივნისს წაიყვანეს. მე მიმაჩნია, რომ ეს მოტყუებით გაკეთდა, რადგან კარგად იცოდნენ, რომ იქ არავინ უმკურნალებდა. ხალხს ეუბნებოდნენ – ვუმკურნალებთ, გავასტერილებთ და დაგიბრუნებთო“, – აცხადებს ცხოველთა დამცველი.

ლელა გურგენაშვილის თქმით, ძაღლების კვალს ორდღიანი ძებნის შემდეგ მიაგნო. როგორც ის ამბობს, თავშესაფარში მისულმა ორივე ცხოველი მძიმე მდგომარეობაში ნახა.

გურგენაშვილი განმარტავს, რომ ცხოველების დაბრუნების სანაცვლოდ მათ ჩიპირების მოთხოვნა წაუყენეს, რასაც უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

„მითხრეს, დაჩიპე და ისე წაიყვანეო. რამდენი ძაღლი უნდა დავჩიპო? მიუსაფარი ძაღლია და ქუჩაში აღარ უნდა იყოს? ჩემს ეზოში რომ მივიყვანო, შეიძლება სხვა ძაღლებსაც გადავდო დაავადება“, – აღნიშნავს იგი.

ცხოველთა დამცველი ასევე იხსენებს გასული წლის შემთხვევას, როდესაც, მისი თქმით, ავტოსადგურის ტერიტორიიდან რამდენიმე მის მიერ მიკედლებული ძაღლი გადაიყვანეს და მათი დაბრუნება დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლო.

„გასულ წელს ხუთი ძაღლი წაიყვანეს ავტოსადგურიდან. ოთხი თვე ჰყავდათ დამწყვდეული და არ მატანდნენ. ერთ-ერთი დღემდე გაუჩინარებულია – მოკლეს, გადააგდეს თუ რა მოუვიდა, არ ვიცი“, – აცხადებს გურგენაშვილი.

მისი მოთხოვნაა, რომ შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ როგორც აღნიშნული ორი ძაღლის საქმე, ისე მუნიციპალურ თავშესაფარში არსებული მდგომარეობა. ლელა გურგენაშვილი ამბობს, რომ მოხალისეები წლების განმავლობაში საკუთარ დროს, ფინანსებსა და ენერგიას ახმარენ ქუჩის ცხოველების გადარჩენას და თითოეული დაკარგული ან დაზარალებული ცხოველის ბედი მათთვის განსაკუთრებით მტკივნეულია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები