განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭოს
გადაწყვეტილებას, რომლის ფრაგმენტი ,,ქართლის ამბებმა'' გამოაქვეყნა,
ეხმაურებიან ხაშურში.
საქმე სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის ეზოში მდებარე,
ვერიზიშვილების სასახლეს ეხება. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით,
დანგრევის პირას მდგარი შენობა საფრთხეს უქმნის მოსწავლეთა
უსაფრთხოებას, ხოლო ასეთ მდგომარეობაში მყოფი ობიექტის არსებობა
გავლენას ახდენს სკოლის ავტორიზაციაზე.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სკოლამ დაიწყო
,,დემონტაჟის პროცედურების'' განხორციელება, რაც იმაში გამოიხატება,
რომ სახელმწიფომ ან უნდა დაანგრიოს, ან აღადგინოს შენობა. აღდგენითი
სამუშაოები კი არ იგეგმება არც ადგილობრივი ბიუჯეტით, არც -
მთავრობის.
ხაშურელი ისტორიკოსი, ფეისბუქგვერდის ,,ხაშურის
მუნიციპალიტეტის'' ადმინისტრატორი გიორგი ჩუბინიძე იხსენებს, რომ
სასახლის დანგრევა პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო 2015
წელს:
2015 წელს ვეზირიშვილების სასახლის დანგრევა პრაქტიკულად
გადაწყვეტილი იყო. მაშინ ამ პროცესის შეჩერებაში პირადად ჩავერთე,
საზოგადოებრივი ყურადღების შედეგად მიენიჭა სასახლეს კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და მისი სრული განადგურება შეჩერდა.️
სამწუხაროდ, ძეგლისთვის სტატუსის მინიჭება მისი გადარჩენა არ
აღმოჩნდა.'' - წერს გიორგი ჩუბინიძე.
გიორგი ჩუბინიძე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე,
რომ ვეზირიშვილების სასახლე მხოლოდ ავარიული შენობა არ
არის:
ეს არის ადგილი, სადაც ერთმანეთს უკავშირდება რამდენიმე
უნიკალური ისტორია: ვეზირიშვილების საგვარეულო;️ ნიკოლოზ ბარათაშვილის
ოჯახი და მისი და ბარბარე (ბაბალე) ბარათაშვილი;️ მელიტონ
ბარათაშვილი, რომელმაც სიცოცხლის ბოლო წლები სწორედ აქ გაატარა;️
გიორგი მაჩაბელი, ქართველი დიპლომატი, საზოგადო მოღვაწე და მსოფლიოში
ცნობილი პარფიუმერული იმპერიის დამფუძნებელი;️ მარია კარმი, ევროპული
თეატრისა და კინოს ვარსკვლავი;️ და თანამედროვე ეპოქაში ამავე
საგვარეულო კავშირის ხაზით პოლად ბიულბიულოღლუ, გამოჩენილი მუსიკოსი,
დიპლომატი, კულტურის მოღვაწე და საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ფიგურა აზერბაიჯანში.️ თუ სასახლე აღდგება, აქ შეიძლება
შეიქმნას სრულიად უნიკალური სამუზეუმო და კულტურულ-საგანმანათლებლო
ცენტრი.'' - აღნიშნავს გიორგი ჩუბინიძე.
საკითხს ეხმაურება ხაშურის საკრებულოს წევრი ,,ლელოდან''
მაია ახალკაცი.
ვიღაცისთვის, შესაძლოა, ეს მხოლოდ ნაგვის ბუდეა, რომელიც
მას დისკომფორტს უქმნის, მაგრამ ხაშურელთა უმეტესობისთვის ეს სასახლე
ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას... მე, როგორც საკრებულოს რიგითი
წევრი, ამ საკითხს აუცილებლად დავსვამ საკრებულოს სხდომაზე, მოვითხოვ
ქალაქის მერთან არსებული მრჩეველთა საბჭოს გაფართოებულ შეხვედრას ამ
თემაზე, მოვითხოვ ყველა შესაძლებლობის და რესურსის გამოყენებას,
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს აქტიურ
ჩართულობას, რომ ეს საქმე სასახლის და საბოლოოდ ჩვენი მუნიციპალიტეტის
სასარგებლოდ დამთავრდეს.'' - აღნიშნავს ,,ლელოს'' წარმომადგენელი მაია
ახალკაცი.
სტატიის გამოყენების პირობები