გორის სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მძღოლს
2500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. საქმე ღამით საპატრულო პოლიციის
მიერ ავტომობილის გაჩერებასა და მძღოლის სავარაუდო ნასვამ
მდგომარეობაში ყოფნას უკავშირდება.
სასამართლო პროცესზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იყო საპატრულო
პოლიციის სამხრე კამერით გადაღებული ვიდეოჩანაწერი. ჩანაწერის
მიხედვით, პატრულის ეკიპაჟმა მძღოლი შეაჩერა და შემოწმების შედეგად
მას ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა.
ვიდეოში ისმის დიალოგი, სადაც მძღოლი სამართალდამცველებს სთხოვს
დარღვევის პატიებას და აცხადებს: „გორელები არ ვართ? მერე იტყვიან
რატომ გაამწარეს ხალხი...“ ხოლო მოგვიანებით პატრულს მიმართავს:
„შემიძლია დავრეკო ახლა და გეტყვიან ვინც ვარ..“
სასამართლო სხდომაზე ვიდეოს ჩვენებისას მძღოლმა აღნიშნა, რომ საკუთარი
ქცევა არ ახსოვდა. მისი თქმით: „ძალიან მთვრალი ვიყავი, არაფერი
მახსოვს, აქ მე ჩემ თავს ვერ ვცნობ“. მან ასევე ბოდიში მოუხადა
სამართალდამცველებს და განმარტა: „იმის შემდეგ აღარ დამილევია...
ბოდიშს ვუხდი პატრულს“.
დაცვის მხარის თხოვნის მიუხედავად, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა
ვიდეოს ჩვენება თავდაპირველად არ შეწყვიტა. მის კითხვაზე, თუ რა
მნიშვნელობა ჰქონდა მასალის გაგრძელებას, მან განაცხადა: „ამით რა
შეიცვლება?“
საბოლოოდ სასამართლომ მძღოლს ადმინისტრაციული სამართალდარღვევთა
კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე 2500 ლარის ჯარიმა
დააკისრა. მოსამართლის შეფასებით, შესაძლებელი იყო უფრო მკაცრი ზომის
გამოყენებაც, თუმცა გადაწყვეტილება არსებული გარემოებების
გათვალისწინებით იქნა მიღებული.
სტატიის გამოყენების პირობები