ძამის ხეობაში, ზღუდრის ეკლესიის დანგრევაზე ყინწვისის
მონასტრის წინამძღვარი აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
დასანგრევი იყო.
„სადაც დღეს პრეტენზიას გამოთქვამენ, იქ ადრე პლანს
ეწეოდნენ, საპირფარეშო ჰქონდათ მოწყობილი და ათასგვარი ურჯულოება
ხდებოდა. ახლა კი ძეგლთა დაცვის წარმომადგენლები ამბობენ, თითქოს
მეუფე იობმა ეკლესია დაანგრია. მეუფე იობს ეკლესია კი არ დაუნგრევია,
არამედ აღადგინა და ააშენა. მისივე ღვაწლით ძამის ხეობაში 105
მონასტერი აღდგა და აშენდა, რაც არც ერთ ეპარქიაში არ
არის.
სანამ ეს ტაძარი საბოლოოდ დაინგრეოდა, სად იყო ძეგლთა
დაცვა? სად იყავით თქვენ, ჟურნალისტები? რატომ არ გამოიძიეთ ფაქტები
და მხოლოდ ამის შემდეგ არ გააშუქეთ?
გამოიკვლიეთ მეუფე იობის ღვაწლი. 1996 წლიდან მის
საქმიანობას აკვირდებით, ახლა კი მხოლოდ იმას ამბობთ, რომ ტაძარი
დაანგრია. რატომ არ კითხულობთ, რა მდგომარეობაში იყო ის ადგილი? იქ
ეკლესია აღარ ფუნქციონირებდა, ტერიტორია საპირფარეშოდ იყო ქცეული.
სწორედ ამიტომ მიიღო მეუფე იობმა გადაწყვეტილება, იქ ეკლესია
აღედგინა.
ძეგლთა დაცვას რატომ არ ეკითხებით, რა უნდა აღდგენილიყო იმ
ადგილას, სადაც მხოლოდ ერთი კედელი იყო დარჩენილი და ისიც იმდენად
დაზიანებული, რომ ერთი ხელის მიწოლაზეც შეიძლებოდა
ჩამოშლილიყო?
სად იყო ძეგლთა დაცვა მაშინ, როდესაც ტაძრის ნანგრევებში
სიგარეტს ეწეოდნენ, პლანს მოიხმარდნენ და ადგილი ურჯულოების ბუდედ იყო
ქცეული?
ასევე კითხულობთ, რატომ შეიცვალა ყინწვისის ტაძარში
იატაკი. იმიტომ, რომ იატაკი მტვრის ბუდედ იყო ქცეული და მასზე სოკო
იყო ამოსული. ეს კითხვები ძეგლთა დაცვის მიმართ რატომ არ
ჩნდება?
თუ ნამდვილად სიმართლეს ემსახურებით, მიდით და ჰკითხეთ
ძეგლთა დაცვას, სად იყვნენ აქამდე. რატომ არ კითხულობთ, რამ მიიყვანა
ეს ტაძრები დანგრევამდე და რატომ ვერ შეძლეს მათი დაცვა? რატომ ვერ
დაიცვეს ბაგრატის ტაძარი, რომელსაც წლების განმავლობაში მხოლოდ
დროებითი გადახურვა ,,პალატკა'' ჰქონდა, რათა წვიმის წყალი შიგნით არ
ჩასულიყო?“ - განუცხადა ,,ქართლის ამბებს'' ყინწვისის ეკლესიის
წინამძღვარმა.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლის, გიორგი
სანდოძის განმარტებით, ზღუდერში, VI-VII საუკუნეების ძეგლის არა თუ
დანგრევა, არამედ რესტავრაცია იგეგმებოდა.
„მშენებლობა შეჩერებულია, რადგან აღნიშნულ სამუშაოებზე
ოფიციალური ნებართვა არ არსებობდა. სააგენტოსთან შეთანხმებული იყო
მხოლოდ ძეგლის რესტავრაციის პროექტი. როგორც გასულ წელს, ისე ახლაც
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები უკანონოა. შესაბამისად, სამუშაოები
შეჩერებული იქნება მანამდე, ვიდრე შესაბამისი უწყებები კონკრეტულ
გადაწყვეტილებებსა და შემდგომ ნაბიჯებს არ განსაზღვრავენ.“- განუცხადა
ჟურნალისტებს სანდოძემ.
სტატიის გამოყენების პირობები