ახალი ამბები
კეხისჯვრის საბავშვო ბაღში სსმ ბავშვის მასწავლებელს არ აბრუნებენ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საბავშვო ბაღში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის პედაგოგი, მეგი გოჩიაშვილი, სასამართლოში გამარჯვების მიუხედავად, სამსახურში ამ დრომდე არ აღუდგენიათ.

როგორც მეგი გოჩიაშვილი აცხადებს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მისი სარჩელი, დაადგინა, რომ მისი გათავისუფლება უკანონო იყო და მიიღო გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენის, განაცდურისა და ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

თუმცა, ქარელის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. გოჩიაშვილის შეფასებით, გასაჩივრება პროცესის გაჭიანურებასა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გადავადებას ემსახურება.

„როგორც იცით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დეტალურად შეისწავლა საქმის მასალები, სრულად გაიზიარა ჩვენი არგუმენტები და მიიღო აბსოლუტურად სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. თუმცა მათ გამოიყენეს გასაჩივრების უფლება და საქმე სააპელაციო სასამართლოში გადაიტანეს. მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი სხვა არაფერია, თუ არა პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებისა და კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების მცდელობა,“ – აცხადებს მეგი გოჩიაშვილი.

„ქართლის ამბები“ საქმის კომენტირებისთვის ქარელის საბავშვო ბაღების გაერთიანებას დაუკავშირდა. გაერთიანების დირექტორმა გამოცემას განუცხადა: „მაგ ბავშვს არაფერი არ აკლია, კარგად ბრძანდებოდეთ“, რის შემდეგაც სატელეფონო საუბარი დაასრულა.

როგორც „ქართლის ამბები“ ადრე წერდა, მეგი გოჩიაშვილი 2026 წლის 1 იანვრიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს იმ მოტივით, რომ ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვისთვის შესაბამისი სპეციალისტის შენარჩუნების ხარჯის გაწევა არ სურდათ. სწორედ ამ გადაწყვეტილების კანონიერება გახდა სასამართლო დავის საგანი.

საქმე ამჟამად სააპელაციო სასამართლოში განიხილება, რის გამოც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ არ შესულა კანონიერ ძალაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები