გორის მერიის მიერ თითქმის 2 მილიონ ლარად აშენებულ
ჩოგბურთის კორტზე დღემდე არავის უშვებენ. ოფიციალური მიზეზი საჯაროდ
არ სახელდება, თუმცა „ქართლის ამბებმა“ გაარკვია, რომ მოედანი
პროფესიონალური ტურნირების ჩასატარებლად დადგენილ სტანდარტებს ვერ
აკმაყოფილებს.
„გორი ინნის“ მიმდებარედ მოწყობილი ჩოგბურთის კორტი გორის
მერმა, კონსტანტინე ბუზალაძემ, 2025 წლის შემოდგომაზე გახსნა, თუმცა
გახსნის შემდეგ მოედანი პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს და მასზე
მოთამაშეებს არ უშვებენ.
როგორც ირკვევა, პრობლემა კორტის განლაგებაშია. ჩოგბურთის
კორტების მოწყობისთვის არსებობს როგორც საერთაშორისო რეკომენდაციები,
ისე სპორტული ინფრასტრუქტურის სტანდარტები. საერთაშორისო ჩოგბურთის
ფედერაციის (ITF) რეკომენდაციით, ღია კორტის გრძელი ღერძი
ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით უნდა იყოს ორიენტირებული, რათა
დილისა და საღამოს საათებში მზის სხივებმა მოთამაშეებს ხელი არ
შეუშალოს.
„გორი ინნის“ მიმდებარედ აშენებული კორტი კი
აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით არის განლაგებული, რის გამოც მზის
სხივები პირდაპირ ხვდება მოთამაშეთა ხედვის არეს.
კორტების მშენებლობა 2024 წელს დაიწყო. სამუშაოები
კომპანია „რედიქს გრუპმა“ შეასრულა, ხოლო პროექტის ღირებულებამ 1.97
მილიონი ლარი შეადგინა.
„რედიქს გრუპის“ ხელმძღვანელმა „ქართლის ამბებს“
განუცხადა, რომ კომპანიამ სამუშაოები სატენდერო დოკუმენტაციის
შესაბამისად შეასრულა.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ისე, როგორც პროექტითა და
ტენდერის პირობებით იყო გათვალისწინებული. ამ საკითხზე კომპანიასთან
პრეტენზია არავის გამოუთქვამს“, – განაცხადა კომპანიის
წარმომადგენელმა.
„ქართლის ამბების“ ინფორმაციით, კორტების პროექტი 2021
წელს კომპანია „ქართულმა საპროექტო ჯგუფმა“ მოამზადა. კომპანიის
ხელმძღვანელმა კორტის განლაგებასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის
გაცემისგან თავი შეიკავა.
„ისეთ რაღაცას მეკითხებით, რაშიც კომპეტენტური არ ვარ. ვერ
გეტყვით სად უნდა იყვნენ განლაგებულნი მოთამაშეები, არ ვარ ამ
საკითხში კომპეტენტური“, – განაცხადა გორის ჩოგბურთის მოედნის
პროექტის ავტორმა.
სტატიის გამოყენების პირობები