ახალი ამბები
შიდა ქართლში მოქმედი მცირე ჰესების ნაწილი სარწყავი წყლით სარგებლობისთვის დღგ-ს არ იხდის
საქართველოს მელიორაციის სამსახურის ცნობით, შიდა ქართლში მოქმედი მცირე ჰესების ნაწილი სარწყავი წყლით სარგებლობისთვის დღგ-ს არ იხდის.

საქმე ეხება საქართველოს ენერგეტიკულ კორპორაციას, რომელიც შიდა ქართლში ტირიფონჰესსა და იგოეთჰესს ფლობს და მელიორაციის კუთვნილ სარწყავ წყალს იყენებს.

მხარეებმა გორის სასამართლოში ერთმანეთს არაკეთილსინდისიერები უწოდეს.

ჰესების წარმომადგენლის განცხადებით, კომპანია ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტარიფს სრულად და კეთილსინდისიერად იხდის.

მელიორაციის იურისტი კი ამტკიცებს, რომ ტარიფი დღგ-ს არ მოიცავს, ამის შესახებ კომპანიამ თავიდანვე იცოდა და კანონის შესაბამისად დამატებითი 18%-ის გადახდა ევალებოდა.

„ხელშეკრულების მიხედვით, ჩვენ გვევალება ტარიფის გადახდა, რასაც წლების განმავლობაში ვასრულებთ. ამოიღეთ წინა წლების მიღება-ჩაბარების აქტები — ყველგან სწორედ ტარიფის თანხაა მითითებული. ახლა რატომ ითხოვთ უკვე გადახდილ თანხაზე დამატებით 18%-ს? გეშინიათ, ვინმემ პასუხი არ მოგთხოვოთ?“ — განაცხადა ჰესების წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე.

მელიორაციის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიამ წინასწარ იცოდა, რომ ტარიფში დღგ არ შედიოდა, თუმცა დღგ-ს თანხას მაინც არ იხდიდა.

სასამართლო პროცესზე არ დასახელებულა, რა ოდენობის გადაუხდელ თანხაზეა საუბარი. დავა გრძელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები