სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ანგარიშის
მიხედვით, რომელიც გუშინ პარლამენტს წარუდგინეს, ირკვევა, რომ გორის
მერიის მიერ გაქირავებული ქონებიდან ერთ-ერთი კერძო პირი 4-მაგ
მოგებას ნახულობს, ვიდრე ბიუჯეტი.
აუდიტის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კერძო
კომპანიასთან გააფორმა გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულება 4,335 კვ.მ
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
ხელშეკრულება ძალაშია 2040 წლის 19 ოქტომბრამდე, ხოლო
წლიური საიჯარო გადასახადი განისაზღვრა 34.7 ათასი
ლარით.
აუდიტის მონაცემებით, მოიჯარე კომპანიამ მიწის ნაწილი, 679
კვ.მ ფართობი ქვეიჯარით გაასხვისა მესამე პირებზე. ამ ქვეიჯარებიდან
მიღებული შემოსავალი წელიწადში 134.3 ათას ლარს აღწევს.
აუდიტის შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ მერიის კუთვნილი
მიწის ნაწილის ქვეიჯარით გაცემით კომპანია დაახლოებით ოთხჯერ მეტ
შემოსავალს იღებს, ვიდრე თავად უხდის მუნიციპალიტეტს მთელი ნაკვეთის
სარგებლობისთვის.
სახელმწიფო აუდიტის განმარტებით, ასეთი სხვაობა მიუთითებს,
რომ საიჯარო ფასი, სავარაუდოდ, არასათანადოდ არის განსაზღვრული და არ
ასახავდა მიწის რეალურ საბაზრო ღირებულებას. შედეგად, მუნიციპალიტეტი
კარგავს პოტენციურ შემოსავლებს, ხოლო საჯარო ქონებიდან მიღებული
სარგებელი არ ნაწილდება ბიუჯეტში.
სტატიის გამოყენების პირობები