ახალი ამბები
შინდისში პროექტზე სამუშაოდ შესაძლოა რუსი სპეციალისტი ჩამოიყვანონ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში წყლის პროექტზე სამუშაოდ შესაძლოა, სპეციალისტი რუსეთიდან, ქალაქ იაროსლავიდან ჩამოიყვანონ.

საქმე ეხება მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერს, რომელიც სოფელში წყალარინების სისტემის მოსაწესრიგებლად გამოცხადდა.

ტენდერში მონაწილეობას იღებს კომპანია ,,ბლუ თაუერსი'', რომლის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ სამუშაოებს ეგორ ედინოვი ჩაუდგება სათავეში.

2026 წლის 25 ივნისს მერიის სატენდერო კომისიამ უარი განაცხადა მის დაქირავებაზე იმ მოტივით, რომ 31 წლის სპეციალისტს არ გააჩნია საინჟინრო განათლება წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში.

მერიის გადაწყვეტილება კომპანიამ შესყიდვების სააგენტოში გაასაჩივრა და მიუთითა, რომ მერია კონკურენციას ზღუდავს, ხოლო ედინოვს შესაბამისი დიპლომები გააჩნია.

,,სატენდერო სისტემაში წარმოდგენილი იქნა სპეციალისტ ანდრეი ედინოვის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ორი დიპლომი: ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობის დიპლომი; წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში საინჟინრო განათლების დამადასტურებელი დიპლომი.

,,შეფასებულია მხოლოდ ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობის დიპლომი, ხოლო მეორე დიპლომი, რომელიც უშუალოდ ადასტურებს სატენდერო მოთხოვნით განსაზღვრულ კვალიფიკაციას, საერთოდ არ არის შეფასებული და არც გადაწყვეტილებაშია განხილული.

აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ კომისიამ სრულყოფილად არ გამოიკვლია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და გადაწყვეტილება მიიღო ფაქტობრივი გარემოებების არასრული შეფასების საფუძველზე.'' - ვკითხულობთ საჩივარში, რომელსაც ხელს აწერს კომპანიის წარმომადგენელი ირაკლი ლურსმანაშვილი.

ჩაუდგება თუ არა სათავეში სამუშაოებს რუსეთიდან ჩამოყვანილი სპეციალისტი, ამას უახლოეს დღეებში შესყიდვების სააგენტო გადაწყვეტს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები