ახალი ამბები
დაძაბული ვითარება ოსიაურში
დღესაც დაძაბული ვითარება იყო სოფელ ოსიაურში, ქვიშა-ხრეშის კარიერზე. კარიერის ტერიტორიაზე მესაკუთრის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატი არ შეუშვეს.

მესაკუთრის ინტერესების დამცველის, ირინა ფერაძის განცხადებით, საწარმოში უკანონოდ იმყოფებოდა სხვა კომპანიის, შპს „ბილტმორის“ ხელმძღვანელი შალვა ოვაკიმიანი, რომელმაც მესაკუთრეებს კარი ჩაუკეტა.

ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, თუმცა, მესაკუთრეები საწარმოს ტერიტორიაზე არც პოლიციის მისვლის შემდეგ შეუშვეს. მიზეზად კონფლიქტის თავიდან აცილება დაასახელეს.

შეგახსენებთ, 2026 წლის 14 ივნისს, ხაშურში მკვლელობა მოხდა. მოკლეს კომპანია „ბილტმორის“ მენეჯერი და ერთ-ერთი მუშა. ბრალდებულები არიან კარიერის მფლობელები: ძმები კილაბერიძეები. მხარეებს შორის დაპირისპირება დაახლოებით ექვსი თვის წინ დაიწყო, როდესაც კომპანია „ბილტმორმა“ კილაბერიძეების კარიერიდან ქვიშა-ხრეშის გატანა დაიწყო.

კილაბერიძეების ადვოკატი მოითხოვდა, რომ ქურდობის ბრალდებით დაეკავებინათ კომპანია „ბილტმორის“ ხელმძღვანელი. თავად შალვა ოვაკიმიანი აცხადებს, რომ ქვიშა-ხრეშის გატანის უფლება წერილობით მისცა ლევან გამრეკელმა.

როგორც პოლიციელებმა ირინა ფერაძეს განუცხადეს, ისინი ელოდებიან ლევან გამრეკელსა და შპს „ბილტმორს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნამდვილობის დადგენას. მესაკუთრეების განცხადებით კი, ლევან გამრეკელს, ნებისმიერ შემთხვევაში, სხვისი ქონების იჯარით გაცემის უფლებამოსილება არ ჰქონდა. ასეთი ხელშეკრულება კი ბუნებარში არ არსებობს, ხოლო თუ არსებობს, ყალბია და ექსპერტიზა დროულად უნდა დასრულდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები