ახალი ამბები
ხოვლეში სკვერის ელექტროსადენები შემოწმდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა სკვერის ტერიტორიაზე ელექტროსადენები შეამოწმეს.

როგორც მერის წარმომადგენელმა, თამაზ ხუციშვილმა, განაცხადა, სკვერის ტერიტორიაზე დენის დარტყმის ფაქტი არ დადასტურდა და იქ ყოფნა უსაფრთხოა.

სკვერის შემოწმება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ადგილობრივმა მცხოვრებმა განაცხადა, რომ ძაბვის გადასვლის გამო მისი ოჯახის წევრი შემთხვევით გადაურჩა დენის დარტყმას. მისი თქმით, მან მერიას მიმართა, რათა არსებული ვითარება შეესწავლათ და საჭიროების შემთხვევაში გამოესწორებინათ.

„ჩამოვიდნენ კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები, მოქალაქესთან ერთად შეამოწმეს სადენები და დენის გადასვლის ფაქტი არ დადასტურდა. სკვერში ყოფნა სრულიად უსაფრთხოა“, – განუცხადა თამაზ ხუციშვილმა.

მისი განმარტებით, მოქალაქემ მიუთითა კონკრეტული ადგილი, სადაც, მისი თქმით, ძაბვა იგრძნო, თუმცა შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ადგილს ელექტროენერგიის წყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

ხოვლის სკვერი 2022 წელს მოეწყო. პროექტის ღირებულებამ 178 000 ლარი შეადგინა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები