ახალი ამბები
ევროპულმა სასამართლომ დაყადაღებული ორგანიზაციების საქმის განხილვა დაიწყო
2026 წლის 25 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხუთი ქართული ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე არსებითი განხილვა დაიწყო.

ეს ორგანიააციებია: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი", „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)" და „საფარი"

სამოქალაქო ორგანიზაციების ინფორმაციით, სარჩელს ევროპულმა სასამართლომ მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭა.

რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო წინასწარ აფასებს, რომ აღნიშნულ საქმეს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული გავლენა სასამართლოს პრაქტიკაზე, ეროვნულ კანონმდებლობასა და უფრო ფართო უფლებრივ და საზოგადოებრივ საკითხებზე." - აღნიშნავენ ორგანიზწციებში.

ევროპულმა სასამართლომ მხარეებს, მათო შორის, საქართველოს მთავრობას პასუხისთვის ვადა 15 ოქტომბრამდე განუსაზღვრა.

„ევროსასამართლომ იკითხა, დაარღვია თუ არა სახელმწიფომ კონვენციის მე-11 მუხლი (გაერთიანების თავისუფლება) და პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი (საკუთრების უფლება) განმცხადებელი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების (გაყინვის) შედეგად.

ევროპული სასამართლო დაინტერესდა, თუ რა კონკრეტული ფაქტების საფუძველზე მიიჩნიეს ხელისუფლების ორგანოებმა (კერძოდ, ბრალდების ორგანოებმა და შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა), რომ განმცხადებელი ორგანიზაციები, შესაძლოა, ჩართულნი ყოფილიყვნენ დანაშაულებრივ ქმედებებში.

რა ფაქტებმა ან მტკიცებულებებმა მიიყვანა ხელისუფლების ორგანოები იმ ეჭვის დასაბუთებამდე, რომ განმცხადებელმა ორგანიზაციებმა მატერიალური, ფინანსური ან სხვა ფორმის დახმარება გაუწიეს მასობრივ პროტესტებში ჩართულ პირებს.

ამასთან, ორგანიზაციების განცხადებით, ევროპულმა სასამართლომ გამოხატა ინტერესი გაარკვიოს, კვლავ დაყადაღებულია თუ არა ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები. ასევე, რა არის მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების სტატუსი და რა დამატებითი გარემოებები გამოიკვეთა განმცხადებელ ორგანიზაციებთან მიმართებით.

ამასთან, ევროპულმა სასამართლომ კითხვა დასვა ევროკონვენციის მე-18 მუხლთან დაკავშირებით და პირდაპირ მოსთხოვა სახელმწიფოს განმარტოს, განმცხადებელ ორგანიზაციებთან მიმართებით სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-11 მუხლის საფუძველზე დაწესებული შეზღუდვები გამოყენებული იყო თუ არა იმ მიზნებისგან განსხვავებული მიზნებისთვის, რომელთაც კონვენციის აღნიშნული მუხლის დებულებები ითვალისწინებს, რითაც ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას“, - ნათქვამია განცხადებაში."- ვკითხულობთ ორგანისაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2025 წლის 27 აგვისტოს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, შვიდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.
პროკურატურის მტკიცებით, ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობა და მათი ხელმძღვანელების მიერ გამოხატული მოსაზრებები თბილისში 2024 წელს მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები