ახალი ამბები
ახალი ტექნიკა გაკეთებული საქმეების გასაშუქებლად კასპის მერიაში
კასპის მერმა ვახტანგ მაისურაძემ პიარსამსახურისთვის დრონი და ლინზებიანი ფოტოაპარატი შეიძინა. ჯამში 10 600 ლარი ბიუჯეტიდან გადაიხადა.

2026 წლის მაისში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით, დრონში გადაიხადეს 3600 ლარი, ხოლო ლინზებიან ფოტოაპარატში - 7000 ლარი.

ზუსტად, ამ რაოდენობის თანხა დაიხარჯა სოფელ ჩოჩეთში, სადაც სოფლის პროგრამით სასაფლაოზე ორი საპირფარეშო ააშენა.

სოფლის პროგრამით, წელიწადში თითო სოფლისთვის 10 000 ლარია გათვალისწინებული.

კასპის მერი წინასაარჩევნო კამპანიის დროს სოფელ სასირეთში მოსახლეობას ეუბნებოდა, რომ სიამოვნებს, როდესაც საკუთარ გაკეთებულ საქმეებს უყურებს.

,,ჩემ გაკეთებულ საქმეებს რომ ვუყურებ, მსიამოვნებს", - განაცხადა 2025 წელს, რომლის ვიდეოჩანაწერი ,,ქართლის ამბებმა" გამოაქვეყნა.

2026 წლის 6 მარტს, სახელმწიფო აუდიტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერია, რომ კასპის მერიის მიერ განხორციელებული პროექტები არასასიამოვნოდ გამოიყურება. კერძოდ, ის ობიექტები, რომელზეც 6.3 მლნ ლარი დაიხარჯა, ერთ წელიწადში დაზიანდა.

გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ 2022-23 წლებში გაკეთებული საქმეები უკვე დაზიანებული იყო 2024 წელს, კერძოდ
  • სამთავისში — საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის შემდეგ დაზიანებულია კედლები და ჩამოყრილია პლასტიკატი.
  • აღაიანში — მისასვლელ გზაზე აღინიშნება ბზარები და გზის საფარის დაზიანება.
  • გუდალეთი — მისასვლელ გზაზე დაზიანებულია გზის საფარი რამდენიმე ადგილზე
  • გუდალეთი — სათავე ნაგებობა ნაწილობრივ დაზიანებულია.
  • გამდლისწყარო — ასფალტბეტონის საფარზე აღინიშნება ბზარები.
  • ოკამი — სპორტული დარბაზის რეაბილიტაციის შემდეგ დაზიანებულია კედლები.
  • თოგოიანი — სანიაღვრე არხის ფილები არასწორად არის ჩალაგებული და სისტემა არ არის მიერთებული ქსელთან.
  • გრაკალი — სარწყავი სატუმბო სისტემის ლითონის ელემენტებზე აღინიშნება კოროზია და ნაწილობრივი შეღებვის პრობლემა.
  • სასირეთი — სარწყავ არხზე აღინიშნება ბზარები, წყლის ჟონვა და ამოღებული გრუნტის არასრული გატანა.
  • სადგურ მეტეხი — საცხოვრებელ კორპუსში წყალგამტარი სისტემა გაუმართავია და ბინაში წყალი ჩადის.
  • მეტეხი — სპორტული მოედნის ღობე დაზიანებულია და კოროზირებულია.
  • კასპი — დამაკავშირებელ გზაზე აღინიშნება მრავალწერტილოვანი დაზიანება და უხარისხო შეკეთების კვალი.
  • კასპი — მიკრორაიონის სკვერში დაზიანებულია ფილები, ლამპიონები და სკამები.
  • თელადგორი — ჭაბურღილისა და რეზერვუარის სისტემაში საქლორატორო არ მუშაობს
Print

სტატიის გამოყენების პირობები