ახალი ამბები
კასპში მუშებმა სამუშაო მიატოვეს
სადგურ კავთისხევში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, მუშებმა საწარმო მიატოვეს. კომპანიას ისინი საამქროში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ჰყავდა დაქირავებული.

საქმე ეხება კომპანია „ევროცემენტს“, რომელმაც 2024 წელს პარტიებს „ხალხის ძალასა“ და „ქართულ ოცნებას“ ჯამში 53 000 ლარი შესწირა.

მუშებმა განაცხადეს, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ექმურება, რადგან დამქირავებელმა სახურავზე ასასვლელი დახრილი რკინის კიბე მოხსნა, მის ნაცვლად კი კედელზე ვერტიკალურად დამაგრებული კიბე მოაწყო.

მუშებმა აღნიშნეს, რომ ახალი კონსტრუქცია უსაფრთხოების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა და მოითხოვეს შესაბამისი, უსაფრთხო კიბის მოწყობა. მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სამუშაოების გაგრძელებაზე უარი თქვეს და ობიექტი დატოვეს.

„ევროცემენტმა“ მუშებს სასამართლოში უჩივლა. კომპანია აცხადებდა, რომ სამუშაოების შეწყვეტის გამო დაზიანდა უკვე შესრულებული ნაწილიც და ითხოვდა როგორც გადახდილი თანხის დაბრუნებას, ისე დამატებით ანაზღაურებას პირგასამტეხლოს სახით.

საქმის განხილვისას გორის საქალაქო სასამართლომ და შემდგომმა ინსტანციებმა დაადგინეს, რომ მუშების გადაწყვეტილება საფუძვლიანი იყო. სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ მათ ჰქონდათ უფლება უარი ეთქვათ ისეთი სამუშაოს გაგრძელებაზე, რომელიც სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები