ახალი ამბები
13 ივლისის ავარიის გამომწვევი მძღოლი არაფხიზელი იმყოფებოდა
შსს-ს ცნობით, მძღოლი იმ მანქანას, რომელიც 2026 წლის 13 ივლისს, გორის ცენტრში, დედა-შვილს დაეჯახა, არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

ირკვევა, რომ ამ შემთხვევამდე სამი დღით ადრე, 2026 წლის 9 ივლისს, 16 წუთის განმავლობაში, აღნიშნული ავტომანქანა სიჩქარის გადაჭარბებისთვის კამერებმა სამჯერ დააჯარიმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ვებ-პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 9 ივლისს პირველი სამართალდარღვევა 04:19 საათზე თბილისში, ვეფხისა და მოყმის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ლუკოილის“ სათაო ოფისთან დაფიქსირდა. მეორე დარღვევა აღმაშენებლის ხეივანში აღირიცხა, ხოლო მესამე — 04:35 საათზე, ნატახტრის გადასახვევთან.

კამერების მონაცემებით, „ლუკოილის“ სათაო ოფისიდან ნატახტრის გადასახვევამდე ავტომანქანამ გზა 16 წუთში გაიარა.

სამივე შემთხვევაში მძღოლი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, 50-50 ლარით დაჯარიმდა. საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 9 ივლისს გამოწერილი სამივე ჯარიმა დადგენილ ვადაშია გადახდილი.

რაც შეეხება 13 ივლისს გორში მომხდარ შემთხვევას, ჭავჭავაძის გამზირზე, კინოთეატრ „გამარჯვების“ წინ მომხდარი შეჯახების შედეგად, დედაც და შვილიც კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები