ახალი ამბები
გორის მერი ახალ ,,ზებრებს" 3 წლიან გამძლეობას ჰპირდება
გორში 2024 წელს, ყოფილი მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მერობის პერიოდში, დახაზული ქვეითთა გადასასვლელები („ზებრები“) დღეს თითქმის ყველგან წაშლილია. შესრულებულ სამუშაოებზე 1-წლიანი საგარანტიო ვადა ვრცელდებოდა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გორში ქვეითთა გადასასვლელები, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მერობის პერიოდში, დაიხაზა. მაშინ სამუშაოები შპს „გზაჯვარედინმა“ 150 000 ლარად შეასრულა, ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2024 წლის დეკემბერში.

მოქმედი მერი კონსტანტინე ბუზალაძე მოქალაქეებს ჰპირდება, რომ ახალი, 2026 წელს გაკეთებული „ზებრები“ უფრო გამძლე იქნება და მინიმუმ 3 წელს გაძლებს.

ქვეითთა გადასასვლელების ხელახლა დახაზვაზე ბიუჯეტიდან 550 000 ლარს დაიხარჯება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე შერჩეულია, თუმცა ხელშეკრულების გასაფორმებლად ჯერ არ მიუწვევიათ.

ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს „ელიტ ტექნოლოჯიმ“ მიიღო. მერია მის დოკუმენტაციას თითქმის ორი თვის განმავლობაში ამოწმებს. შემოწმება 2026 წლის 4 ივნისს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

ტენდერის საწყისი ღირებულება 750 000 ლარი იყო, თუმცა კომპანიამ შეთავაზებული ფასი თითქმის 20%-ით შეამცირა და საბოლოოდ 550 000 ლარად გაიმარჯვა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალ ქვეითთა გადასასვლელებს მინიმუმ 3-წლიანი ექსპლუატაციის ვადა უნდა ჰქონდეს. სამუშაოები სავარაუდოდ აგვისტოდან დაიწყება და 90 დღეში უნდა დასრულდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები