ახალი ამბები
ხაშურელი ,,ჰაკერი" სასჯელის განახევრებას ითხოვს
ხაშურელი ჰაკერი სასჯელის განახევრებას და ხაშურის სასამართლოს 2024 წლის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს.

საქმის მასალების მიხედვით, ი. ბ. მსჯავრდებულია ქურდობის რამდენიმე ეპიზოდისა და კომპიუტერულ სისტემასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის (ე.წ. ჰაკერული დანაშაული).

საქმის მასალების მიხედვით, მას ბრალი ქურდობის რამდენიმე ეპიზოდზე წაუყენეს. სხვადასხვა საქმეზე დანიშნული სასჯელები შთანთქმის პრინციპით გაერთიანდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე თვეში ამნისტიის კანონიც გამოვიდა. 
2024 წლის ამნისტიის კანონის საფუძველზე სასამართლომ სასჯელი ერთი მეექვსედით შეუმცირა, რის შედეგადაც საბოლოო სასჯელი 5 წლამდე შემცირდა.

მსჯავრდებული მიიჩნევს, რომ ერთ-ერთ ეპიზოდზე, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით იყო კვალიფიცირებული, სასჯელი ნახევრამდე უნდა შემცირებულიყო.
უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ამნისტიის კანონით სასჯელის განახევრება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მსჯავრდებული განზრახი დანაშაულისთვის ადრე ნასამართლევი არ არის და ყველა დაზარალებული თანხმობას აცხადებს ამ შეღავათის გამოყენებაზე.

სასამართლოს შეფასებით, ი. ბ. ამ პირობებს არ აკმაყოფილებს.  იგი ნასამართლევია და საქმეში დაზარალებულთა თანხმობაც არ არის წარმოდგენილი.

სასამართლოს განჩინებაში არ არის გამჟღავნებული დაზარალებულთა ვინაობა და არც ის, თუ ვის მიმართ იყო ჩადენილი დანაშაულები.

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადა 2027 წლის 26 მაისს ეწურება. ფინანსური დანაშაულისთვის იგი 2022 წლის მაისში დააკავეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები