ქარელის საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილ საქონლის გაყინულ ხორცში, ცხენის დნმ-ის კვალს, გეგმიური შემოწმების დროს, მიაგნეს. 2026 წლის ივნისში ჩატარებული კვლევის შედეგები „ქართლის ამბებისთვის“ გახდა ცნობილი, თუმცა უმალავდნენ საბავშვო ბაღებს.
ლაბორატორიული დასკვნის მიხედვით, ცხენის ხორცი აღმოჩნდა ქარელის #2 საბავშვო ბაღიდან შემთხვევით აღებულ ნიმუშში. იგივე ხორცს აწვდიდნენ მუნიციპალიტეტის 24-ვე ბაღს.
ქარელის მეორე საბავშვო ბაღის დირექტორი, ქეთევან კურმაშვილი, აცხადებს, რომ შემოწმება გეგმიური კონტროლის ფარგლებში ჩატარდა და საგანგაშო სიგნალი არ ყოფილა.
ქეთევან კურმაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები „ქართლის ამბებისგან“ გახდა ცნობილი. საბავშვო ბაღს არც კი გააცნეს დასკვნა. დოკუმენტი ოფიციალურად გაგზავნილია საბავშვო ბაღების გაერთიანებაში.
„ხორცი ლაბორატორიული შემოწმებისთვის წაიღეს. როგორც მახსოვს, ეს ივნისში მოხდა და გეგმური კონტროლის ნაწილი იყო. პერიოდულად ლაბორატორიულად მოწმდება როგორც მზა საკვები, ისე სასმელი წყალი, შესაბამისად, შემოწმდა ხორციც. თუმცა, პირველად თქვენგან მესმის ინფორმაცია, რომ მასში ცხენის ხორცი აღმოჩნდა“, გვითხრა ბაღის დირექტორმა.
რატომ არ აცნობეს ბაღს და ბავშვების მშობლებს შემოწმების შედეგები, ამ კითხვაზე პასუხის მიღებას ქარელის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ვცდილობთ, თუმცა ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. დასკვნა გაგზავნილია ქარელის მერიაშიც, რომლის საფუძველზე, მიმწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტეს.
სტატიის გამოყენების პირობები