ახალი ამბები
აბისის სკოლის დაზიანებული ფასადის აღდგენას 140,837 ლარი დასჭირდება

დაზიანდა სკოლის ფასადი, რომლის რეაბილიტაციაშიც 2 მლნ ლარამდე დაიხარჯა.

აბისის საჯარო სკოლის დირექტორის განცხადებით, იმედი აქვთ, რომ ფასადი 2026 წლის სასწავლო წლის დაწყებამდე აღდგება.

ქარელის მერიის ცნობით, აბისის სკოლაში გარე ფასადის რეაბილიტაცია ჩატარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 140 837 ლარია გათვალისწინებული.

აბისის საჯარო სკოლის დირექტორის, ლეილა თეთრუაშვილის ინფორმაციით, სკოლის შენობის მხოლოდ გარე ფასადია დაზიანებული.

„მხოლოდ სკოლის გარე ფასადია დაზიანებული, ალაგ-ალაგ არის აყრილი. შიგნით არაფერია დაზიანებული. იმედს გვაძლევენ, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე მოესწრება. ამ ეტაპზე სკოლაში 52 მოსწავლე გვერიცხება“, გვითხრა ლეილა თეთრუაშვილმა.

აღნიშნულ სკოლას სრული რეაბილიტაცია, 2022 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. სამუშაოები შეასრულა შპს „კომფორტი XXI“.

Print

სტატიის გამოყენების პირობები