ახალი ამბები
ღვინიაშვილი ბიუროკრატიულ პრობლემაზე მთებიდან საუბრობს

გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების თანამშრომელი ნიკო ღვინიაშვილი მოქალაქეებს ჭაუხებიდან, გურამ რჩეულიშვილის სახელობის მწვერვალიდან მიმართავს:

„გამარჯობა, მეგობრებო! ახლა მოგიყვებით სასაცილო ამბავს.

ჩვენ, „ტონთიო“ (ახლა აღარ ჰქვია „ტონთიო“, ახლა ვართ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის სპორტულ-ტურისტული განყოფილება), გვითხრეს: აღარ გვაქვს, ხალხო, ღონისძიების თანხები და ენთუზიაზმზე იმუშავეთო.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგებით მოვეკიდეთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ენთუზიაზმზე ვმუშაობთ.

ახლა ენთუზიაზმზე მუშაობა როგორია: ბავშვები მოვიძიეთ, თანხმობები მოვიძიეთ და წამოვედით იქ, სადაც ჩვენი სამსახურია, უპირატესი სამსახური.

ვიმეორებ მათთვის, ვისაც ვერ გაუგია: ჩვენი უპირველესი სამსახური არის ახალგაზრდების მთებში წაყვანა, საქართველოს მთებში და არა მარტო ატენის ხეობაში!

ახლა ჩვენ ვართ ცენტრალურ კავკასიონზე, ჭაუხის მასივში, ერთ-ერთ ულამაზეს ადგილზე არათუ საქართველოში, არამედ მთელ პლანეტაზე.

ახლა კი იწყება სასაცილო ამბავი: ეს ფული რომ მოიძიეთ ფედერაციიდან, ისაო, ესაო... ეგ ჩვენი ღონისძიება არ არის და შვებულებები უნდა დაწეროთო.

წარმოიდგინეთ, გორის თეატრის მსახიობი წავიდეს გასტროლზე ქუთაისში და შვებულება დაწეროს. ასეთი სისულელეა!

რატომ არის ეს ამბავი სასაცილო? იმიტომ, რომ სხვანაირად უბრალოდ ნერვები დაგვაწყდება.

ვისაც ჰგონია, რომ აქ დასასვენებლად ვართ, ჩემი წინა ვიდეოები ნახოს და მიხვდება, რამხელა პასუხისმგებლობის ქვეშ ვიმყოფებით, ტვინში ურტყამს, იმხელა პასუხისმგებლობაა!“, აღნიშნავს ნიკოლოზ ღვინიაშვილი ვიდეომიმართვაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები