ახალი ამბები
ქსნის ციხესთან სამი ნამოსახლარი საგზაო სამუშაოებმა დააზიანა

ქსნის ციხესთან მდებარე ნამოსახლარებს საფრთხე საგზაო სამუშაოებმა შეუქმნა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია „მზიან სერზე“ მდებარე ნამოსახლარი, რომელიც მტკვარ-არაქსის კულტურას ეკუთვნის. ტერიტორია 2020 წელს, გზის რეკონსტრუქციის დროს, დაზიანდა.

„კვლევებმა აჩვენა, რომ ადგილზე სხვადასხვა ეპოქის კვალს ვხვდებით: მტკვარ-არაქსის პერიოდიდან შუა საუკუნეებამდე. აღმოჩენილია ნაგებობების ნაშთებიც, რაც მიუთითებს, რომ აქ უძველესი დასახლება არსებობდა“, აღნიშნავენ სააგენტოში.

მათივე ცნობით, საფრთხე კიდევ ორ ადგილსაც ემუქრება.

სავანეთის ქედის დასავლეთ ფერდობზე არსებული ნაგებობა ეროზიისა და ადამიანის ზემოქმედების გამო იშლება და მისი ნაწილი უკვე ჩამოშლილია. მეორე ადგილზე, ქედის სამხრეთ დაბოლოებაზე, მძიმე ტექნიკამ და შემდგომმა სამუშაოებმა ტერიტორია მნიშვნელოვნად დააზიანა. მიუხედავად ამისა, იქ ჯერ კიდევ ჩანს კედლების ნაშთები და მიწის ზედაპირზე უამრავი კერამიკული ფრაგმენტი, აცხადებენ სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წელს ნამოსახლარების დეტალური შესწავლა იგეგმება, რის შემდეგაც, კვლევის შედეგების საფუძველზე, მათი დაცვისა და გადარჩენისთვის საჭირო სამუშაოებზე ტენდერები გამოცხადდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები