ახალი ამბები
ვახტანგაშვილის კომპანია ხელფასების დაგვიანებისთვის დააჯარიმეს

ხელფასების დაგვიანების გამო, გორის 2021-24 წლების მოწვევის საკრებულოს წევრის, მიხეილ ვახტანგაშვილის სამშენებლო კომპანია დააჯარიმეს.

შრომის ინსპექციის წარმომადგენლის ცნობით, კომპანია დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 41-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 600 ლარის ოდენობით.

კომპანიის წარმომადგენელი არ ეთანხმება დაკისრებულ სახდელს და ითხოვს მის გაუქმებას. შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა კი „ქართლის ამბებს“ განუცხადა, რომ ხელფასების დაგვიანების ფაქტებს ადასტურებს გადარიცხვის ქვითრები, რომელიც დღეს გორის სასამართლოს მიიტანა. მის მიერ წარდგენილი მასალები თითქმის ერთ ტომს შეიცავს.

ჩვენს კითხვაზე, იჩივლა თუ არა ვინმემ ხელფასების დაგვიანების გამო, შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა ზეპირად ვერ გაიხსენა.

შპს „ერედვი 2008“-ის 100%-იანი წილის მფლობელი მიხეილ ვახტანგაშვილია. იგი გორის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე იყო 2021-24 წლებში.

ბოლო ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა, ეხება გორის მუნიციპალიტეტში გზების მოვლა-პატრონობას, ღირებულება დაახლოებით 500 000 ლარი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები