ახალი ამბები
ხაშურის მერია კაპანაძე-ზურაბაშვილების ოჯახის საკითხზე ეხმაურება

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება qartli.ge-ის მიერ კაპანაძე-ზურაბაშვილის ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, საიდან ჩანს, რომ მერია ოჯახს ისევ საკუთარი ძალებით და მცირე ლიმიტის ფარგლებში საცხოვრებელი ფართის მოძებნას სთავაზობს.

განცხადებაში ვკითხულობთ:

„მუნიციპალიტეტისთვის ოჯახის სოციალური მდგომარეობა ცნობილია. მოქალაქე გიორგი კაპანაძე მერიის დაქვემდებარებულ სტრუქტურაში დასაქმებულია. ოჯახს მიღებული აქვს ყველა ის მუნიციპალური დახმარება, რომელიც მათი სოციალური სტატუსით არის გათვალისწინებული, მათ შორის მრავალშვილიანობისა და სადღესასწაულო დახმარებები.

აღნიშნული დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით. დახმარების მიმღებია მოქალაქე გიორგი კაპანაძე, რადგან მისი მეუღლე არ არის რეგისტრირებული ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ოჯახი ასევე სარგებლობდა ქირის პროგრამით იმ პერიოდამდე, ვიდრე იმ შენობაში გადავიდოდა, სადაც ამჟამად იმყოფება. მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ოჯახის მხარდაჭერას შესაბამისი სტატუსისა და სოციალური სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით.

საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, მზად ვართ, მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში განვიხილოთ ჯანდაცვასთან დაკავშირებული დახმარების საკითხიც.

რაც შეეხება საცხოვრისს, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტს საკუთარი საბინაო ფონდი არ გააჩნია, შესაბამისად, ოჯახის ბინით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებს სცილდება. თუმცა, განიხილება ქირით უზრუნველყოფის შესაძლებლობა, ბენეფიციარის მიერ შერჩეული საცხოვრებლის დაქირავების შემთხვევაში, შესაბამისი პროგრამით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.“

Print

სტატიის გამოყენების პირობები