გორის პოლიციის თანამშრომლის განცხადებით, სოფელ რეხაში ღამის საათებში შეაჩერეს ავტომანქანა, რომლის მძღოლს არ ჰქონდა მართვის მოწმობა, იყო ნასვამ მდგომარეობაში, შემდეგ კი, მისი მტკიცებით, მძღოლმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
25 წლამდე ასაკის მამაკაცი გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, შეადგინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი. როგორც პოლიციის თანამშრომელმა განაცხადა, მანქანის მფლობელის მიმართაც გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.
„ნასვამ მდგომარეობაში ვიყავი, ვინანიებ, ბოდიშს ვუხდი მათ და მსგავსი აღარ განმეორდება“, განუცხადა მძღოლმა მოსამართლეს.
მოსამართლე დავით პაპუაშვილმა იკითხა, გატარდა თუ არა მკაცრი ზომები იმ პირის მიმართ, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირს ავტომანქანა გადასცა. პოლიციის თანამშრომლებმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
„ეს პირველი შემთხვევაა, რაც სასამართლოს წინაშე ხართ, ასევე ვითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ პოლიციელებს ბოდიში მოუხადეთ და ინანიებთ. ვფიქრობთ, ამ ეტაპზე შენიშვნით შემოვიფარგლოთ“, მიმართა მოსამართლემ სამართალდამრღვევს.
სტატიის გამოყენების პირობები