ახალი ამბები
საღოლაშენში წყლის სისტემაზე ტენდერი მესამეჯერ ცხადდება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტი სამუშაოების განხორციელებას მესამედ გეგმავს.

საღოლაშენში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ეს უკვე მესამე მცდელობაა. მანამდე სოფელში ამავე მიზნით ორი ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა პროექტების განხორციელებას პრობლემები მოჰყვა. მოსახლეობას წყალი კვირაში ორჯერ აქვს, ისიც დღეში 1 ან 2 საათით. ავზი შევსებას ვერ ასწრებს.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, 2022 წელს შპს „თექ ჰაივეისთან“ გაფორმებული ხელშეკრულება კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეწყდა.

კომპანიას ვადაგადაცილებისა და სამუშაოების არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლო დაეკისრა. მუნიციპალიტეტმა კომპანიასთან სასამართლო დავაც მოიგო და სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს „თექ ჰაივეის“ მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა.'' - აღნიშნავენ მერიაში, თუმცა მოხდება თუ არა თანხის ამოღება თითქმის გაკოტრებულ კომპანიისგან, ჯერ უცნობია.

მიუხედავად ამისა, პრობლემა კვლავ გადაუჭრელია და მუნიციპალიტეტი პროექტის განხორციელებას თავიდან იწყებს.მეორე შემთხვევა 2024 წელს შპს „ლომსია 2023“-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას უკავშირდება. მერიის განმარტებით, კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა, თუმცა გადახდილი საავანსო თანხა მუნიციპალიტეტს საბანკო გარანტიის საფუძველზე სრულად დაუბრუნდა. ამასთან, მერიის განცხადებით, სოფელ საღოლაშენში ჭაბურღილზე შეუსრულებელი სამუშაოებისთვის კომპანიას ანაზღაურება არ მიუღია.

მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს გაფორმდა ხელშეკრულება ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოებისთვის საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე. დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ მუნიციპალიტეტი სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოებზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები