ხაშურში 9 აპრილის ქუჩაზე ონკანებიდან მღვრიე წყალი წამოვიდა.
განახლება: ფაქტს წყალმომარაგების კომპანია ეხმაურება და წერს:
„ქალაქ ხაშურში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, კონტრაქტორი კომპანიის მიერ ძველი რეზერვუარის დემონტაჟის პროცესში სასმელი წყლის ქსელი მექანიკურად დაზიანდა, რის შედეგადაც წყლის ხარისხი დროებით ვერ აკმაყოფილებს მოქმედი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, წყალმომარაგება დროებით შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები.
სამუშაოების დასრულებისა და ქსელის შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ, წყალმომარაგება ხვალ, 24 აგვისტოს, დილის 08:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული შემთხვევა გამოწვეულია სასმელი წყლის ქსელის მექანიკური დაზიანებით და არ უკავშირდება წყალარინების სისტემას.
ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის“, აღნიშნულია განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ ანალოგიური მდგომარეობა იყო ლომოურის ქუჩაზეც, სადაც გაირკვა, რომ საკანალიზაციო და სასმელი წყლის სისტემები არასწორად იყო დაერთებული. რისთვისაც ახლად დაგებული ასფალტის გათხრა გახდა საჭირო.
სტატიის გამოყენების პირობები