ახალი ამბები
გორის სოფელში მიწები უკანონოდ დაირეგისტრირეს

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოქალაქეებმა სხვისი მიწები უკანონოდ დაირეგისტრირეს. უზენაესი სასამართლოს ცნობით, დარღვევაში მონაწილეობდა გორის მერის წარმომადგენელი, რომლის ცნობის საფუძველზე, რეესტრმა მიწები სხვების სახელზე დაარეგისტრირა.

საქმე 3603 კვადრატულ მეტრ მიწას ეხება. მერიის მიერ გაცემული ცნობა 2021 წლით თარიღდება. ცნობაში აღნიშნულია, რომ მიწის ფართობის დათვალიერება მოხდა მოწმეების თანდასწრებით.

თუმცა სასამართლოში დაკითხულმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ მიწის დასათვალიერებლად ადგილზე საერთოდ არ ყოფილან. მათი თქმით, მერიაში შედგენილ აქტს ხელი ისე მოაწერეს, რომ დოკუმენტის შინაარსიც კი არ იცოდნენ.

უზენაესმა სასამართლომ ამის გამო დაადგინა, რომ მიწის შემოწმება არასრულყოფილად და არასწორად ჩატარდა.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საჯარო რეესტრის პასუხისმგებლობის საკითხი.

სასამართლოს მიხედვით, რეესტრში უკვე არსებობდა 2003 წლიდან რეგისტრირებული ინფორმაცია, რომ ამ ტერიტორიაზე მიწა სხვა პირის, შ.ქ-ის, საკუთრებად იყო აღრიცხული.

„მიუხედავად ამისა, 2021 წელს ახალი რეგისტრაცია განხორციელდა ისე, რომ ძველი მიწის ნაკვეთები ახალ რეგისტრაციას გადაეფარა. რეესტრს ეს ინფორმაცია უნდა გაეთვალისწინებინა და ასეთი გადაფარვა არ უნდა დაეშვა“, აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. მაგრამ რა ბედი ეწიათ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც ეს ცნობა გასცეს და შემდეგ მიწა სხვა დაარეგისტრირეს, გადაწყვეტილებაში არ ჩანს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები