ახალი ამბები
6 წლიანი ბრძოლა მამა-პაპისეული მიწის დასაბრუნებლად

ქარელის მუნიციპალიტეტში დაბადებულმა მოქალაქემ აღმოაჩინა, რომ მისი მამა-პაპის მიწა სხვა პირის სახელზეა გაფორმებული და შემდეგ უკვე მესამე პირზეც გაყიდული.

მამა-პაპის მიწის დასაბრუნებლად 6 წელია იბრძვის. 2020 წელს საჯარო რეესტრს მიმართა, საიდანაც უარით გაისტუმრეს. გადაწყვეტილებაში ერთ-ერთ მიზეზად პირდაპირ ჩაიწერა, რომ ი.გ. „უცხოელია“.

საქმე ქარელის ერთ-ერთ სოფელში მდებარე 1164 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთს ეხება. ი.გ-ს თქმით, მიწას მისი ოჯახი 1980-იანი წლებიდან და უფრო ადრეც ფლობდა და საკარმიდამოდ იყენებდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ი.გ-მ მიწის რეგისტრაციის მოთხოვნა 2020 წლიდან დაიწყო. საჯარო რეესტრმა უარით გაისტუმრა, ერთი იმ მიზეზით, რომ ,,უცხოელია'', მეორე მიზეზი კი ისაა, რომ მიწა უკვე სხვაზეა გაფორმებული.

ხაშურის სასამართლოში მიწის ისტორიის შესწავლისას გაირკვა, რომ ქონება სხვა პირზე მერის წარმომადგენლის ცნობის საფუძველზე დაარეგისტრირეს. მერის წარმომადგენელმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ადგილზე არც ყოფილა და არც დაუთვალიერებია. მას უნდა გამოეკვლია, მაგალითად, თუ როდის ააშენა ახალმა მფლობელმა იქ სახლი.

სასამართლომ ასევე აღმოაჩინა შეუსაბამობა საკომლო ჩანაწერებში. 1980-1982 წლების საკომლო ჩანაწერში სახლის აშენების წლად 1993 წელია მითითებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს და სხვა გარემოებები საჯარო რეესტრს სათანადოდ არ ჰქონდა გამოკვლეული.

საბოლოოდ, ხაშურის სასამართლომ საჯარო რეესტრს საქმის ხელახლა შესწავლა დაავალა. საჯარო რეესტრი დღემდე ფიქრობს, რომ სწორად მოიქცა. ხაშურის სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები