ახალი ამბები
გორის ავტობუსების შეკეთების ტენდერზე დავა დაიწყო

გორში დაზიანებულ ლურჯ ავტობუსებს ამიერიდან „თეგეტა მოტორსში“ შეაკეთებენ. მერიის ტრანსპორტის სააგენტომ „აზია სერვისს“ საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ მისცა.

ლურჯი ავტობუსების ჩამოყვანიდან დღემდე მათ შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებას სწორედ „აზია სერვისი“ ეწეოდა. მაშინ ტრანსპორტის სააგენტოში ამტკიცებდნენ, რომ ეს ჩვეულებრივი ავტობუსები არ არის და მათ მომსახურებას სპეციფიკური ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, ეს გამოცდილება კი „აზია სერვისს“ ჰქონდაო.

ახლა სიტუაცია შეიცვალა. ბოლო ტენდერი შპს „თეგეტა რითეილმა“ მოიგო და გორის ავტობუსების შეკეთება სწორედ მას დაევალა.

„აზია სერვისი“ ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ტენდერს ასაჩივრებს. კომპანიის მთავარი პრეტენზია ისაა, რომ „თეგეტას“ ავტობუსების შეკეთების ის გამოცდილება არ აქვს, რასაც ტენდერი ითხოვდა.

ტენდერის პირობებში პირდაპირ ეწერა, რომ პრეტენდენტს ბოლო სამი წლის განმავლობაში მინიმუმ 800 ათასი ლარის ღირებულების ავტობუსების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების გამოცდილება უნდა ჰქონოდა.'' - აღნიშნავენ ,,აზია სერვისში.''

„თეგეტამ“ დაახლოებით 1.14 მილიონი ლარის გამოცდილება წარადგინა, თუმცა ,,აზია სერვისი'' აცხადებს, რომ ,,თეგეტას'' გამოცდილება სხვადასხვა ტიპის ავტომანქანებს, მძიმე ტექნიკას, მიკროავტობუსებსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებს უკავშირდებოდა.

გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ ,,თეგეტას'' გამოცდილება საკმარისია, რადგან შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკური ნაწილი ავტობუსების მომსახურებასთან ახლოს დგას.

„აზია სერვისში“ კი ამბობენ, რომ საქმე მხოლოდ ტექნიკურ მსგავსებაში არ არის: ,,თუ ტენდერში ეწერა ავტობუსების შეკეთების გამოცდილება, მაშინ სხვა ტიპის ტექნიკაზე მუშაობა იმავე გამოცდილებად არ უნდა ჩაითვალოს.''

,,აზია სერვისი'' ითხოვს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას და საკითხის ხელახლა განხილვას

Print

სტატიის გამოყენების პირობები