ხაშურის მე-7 საჯარო სკოლის ტერიტორია და შენობა, სადაც მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან შეკედლებულნი, კურსდამთავრებულმა თითქმის ვეღარ იცნო.
,,მივედი დიდი მონატრებითა და სიყვარულით და ისე სავალალოდ გამოიყურება, გული შეგიწუხდება.
,,წინა საუკუნეში დავამთავრე და მაშინ უკეთესად იყო. კარგი სტადიონი მოუწყვიათ და რემონტის კვალიც ეტყობა, მაგრამ თვალში გეცემა უპატრონობა, არც სკამი, არც სისუფთავე. შესასვლელი ბილიკი კი ისეთია, ფეხი შეიძლება იღრძო. სტადიონის იქით წელამდე ბალახია“, - წერს ხაშურელი მოქალაქე ნ. გ.
კურსდამთავრებულის პოსტს სკოლის პედაგოგი ნანა გელაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნულ შენობაში უკვე მეექვსე წელია შინდარის მე-4 საჯარო სკოლაც არის განთავსებული, თუმცა ახალი სკოლის მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.
პედაგოგის განცხადებით, სკოლის ორი სართულის ოთახებში გარკვეული სარემონტო სამუშაოები პედაგოგებმა საკუთარი ხელფასიდან გამოყოფილი თანხით, ადმინისტრაციის დახმარებით, შეასრულეს.
„მეექვსე წელია, შინდარის მე-4 სკოლაა შემოკედლებული ამ ასწლოვან კორპუსში და ჯერ იმ სკოლის საძირკველიც არ ჩაყრილა.
რემონტს რაც შეეხება, პედაგოგები საკუთარი ხელფასიდან ვდებდით თანხებს და ორი სართულის ოთახი, ადმინისტრაციის დახმარებით, გავარემონტეთ.
მობრძანდით, დაგათვალიერებინოთ, პედაგოგების სახელფასო დანაზოგითა და ადმინისტრაციის ჩართულობით რამდენი რამ გავაკეთეთ!“ პასუხობს პედაგოგი.
სტატიის გამოყენების პირობები