ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის მოსახლეობამ მერიას 18 აგვისტოს აცნობა, რომ ხიდის ქვეშ წყალია დაგუბებული, რის გამოც მსუბუქი ავტომობილებისა და სამგზავრო ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებულია.
21 აგვისტოს „შემთხვევის ადგილი“ მერიის თანამშრომლებმა დაათვალიერეს და შესაბამისი დათვალიერების აქტი შეადგინეს. აქტში აღნიშნულია, რომ ადგილზე მართლაც არის დაგუბებული წყალი და არხი გაწმენდას საჭიროებს.
ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მერიას მუხლუხოიანი ტრაქტორი არ აქვს, რის გამოც უწყებამ ბაზრის კვლევა ჩაატარა.
24 აგვისტოს მერიამ მიმართა იმ პირებს, რომლებსაც მუხლუხოიანი ტრაქტორები აქვთ და სთხოვა, წარმოედგინათ ხარჯთაღრიცხვა, თუ რა დაჯდებოდა არხის გაწმენდა. მოთხოვნაში ასევე ჩაიწერა დამატებითი პირობა — ტრაქტორისტს სოფელ გომში ვენახებამდე მისასვლელი გზაც უნდა გაეწმინდა.
შეთავაზება ორმა პირმა წარმოადგინა. ერთ-ერთი ტრაქტორისტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, სამუშაოების შესრულების ღირებულება 8 200 ლარი იყო, ხოლო მეორე პირის შეთავაზებით, იგივე დავალების შესრულება 1 900 ლარი დაჯდებოდა.
ამის შემდეგ 26 აგვისტოს მერიამ წერილობით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და თანხის გაღების ნებართვა მოითხოვა. განხილვა ჩანიშნულია 1-ელ სექტემბრამდე.
იმ შემთხვევაში, თუ მერია დადებით პასუხს 1-ელ სექტემბრამდე მიიღებს, მხარეებს ხელშეკრულების გასაფორმებლად დაახლოებით სამი დღე სჭირდებათ.
სოფელ სატივის მოსახლეობის მიერ 18 აგვისტოს დაფიქსირებული პრობლემის მოგვარების პროცესი 4 სექტემბერს დაიწყება
სტატიის გამოყენების პირობები