კასპში, ძლიერი ჭექა-ქუხილიდან სამი დღის შემდეგ, მოსახლეობას ელექტროენერგია კვლავ შეფერხებით მიეწოდება. ადგილობრივი მცხოვრების, ქეთევან გორგაძის ინფორმაციით, ელექტროენერგიის გათიშვები დღეში რამდენჯერმე ხდება და ზოგჯერ რამდენიმე საათს გრძელდება.
როგორც გოგრაძე ამბობს, გუშინ საღამოს ელექტროენერგია მოსახლეობას დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, დღეს კი დენი რამდენჯერმე გაითიშა.
„მივმართავ „ეპ ჯორჯია კასპის“ ფილიალს. სამი დღის წინ ძლიერი ელვა და ქუხილი იყო. გასაგებია, რომ ამის გამო ელექტროენერგია გაითიშა, მაგრამ გუშინ საღამოს თითქმის ხუთი საათი არ მოგვეწოდებოდა დენი და დღესაც რამდენჯერმე გაითიშა. მაინტერესებს, რაშია საქმე?''
,,თუ ელექტროქსელში რაიმე დაზიანდა, რატომ ვერ ხერხდება მისი ოპერატიულად აღმოფხვრა? განსაკუთრებით მაშინ, როცა ელექტროენერგიის გათიშვა მოსახლეობას დღეში რამდენჯერმე უწევს.
,,ასევე გაუგებარია, რატომ არ ვრცელდება შეფერხება ყველა ობიექტზე თანაბრად, მაშინ, როცა მოსახლეობას ელექტროენერგია ეთიშება, ქალაქში ზოგიერთი მოქმედი ობიექტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
,,მე, როგორც მომხმარებელი, ელექტროენერგიის გადასახადს დროულად ვიხდი და მიმაჩნია, რომ მიმწოდებელმა მომსახურების უწყვეტობა უნდა უზრუნველყოს. რა თქმა უნდა, არსებობს ექსტრემალური სიტუაციები, თუმცა ასეთ შემთხვევებში დაზიანების აღმოფხვრა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მაქსიმალურად ოპერატიულად უნდა მოხდეს.''
..თუ ელექტროენერგიის ხშირი გათიშვების შედეგად დამიზიანდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა ან გამიფუჭდა კვების პროდუქტები, ვითხოვ შესაბამისი ზიანის ანაზღაურებას“ - აცხადებს ქეთევან გოგრაძე.
სტატიის გამოყენების პირობები