ახალი ამბები
კასპში ახლად აშენებული სკოლები უკვე სარემონტო გახდა

კასპის მუნიციპალიტეტში აშენებული რამდენიმე ახალი სკოლა უკვე სარემონტოა. მერიის ცნობით, რეაბილიტაციას საჭიროებს ქვემო გომისა და წინარეხის საჯარო სკოლები. მშენებლობისას ორივე სკოლაზე 10-წლიანი გარანტია იყო გაცემული.

„შენობაში სარეაბილიტაციოა ვინილის იატაკი და ამსტრონგის ჭერი, შესაკეთებელია ფანჯრებისა და კარებების ღიობები, მოსაწესრიგებელია სველი წერტილები“, - აღნიშნავენ კასპის მერიაში.

ქვემო გომის საჯარო სკოლის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ამხანაგობა „ემ-სი გრუპი ინდუსტრია“ ახორციელებდა. 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობაზე 2 360 000 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება წინარეხის საჯარო სკოლას, სადაც ბოლო ოფიციალური მონაცემებით 28 მოსწავლე ირიცხება, ის 2019-2021 წლებში აშენდა.

„შესაკეთებელია ფანჯრებისა და კარებების ღიობები, შესაფითქია და შესაღებია კედლები. ასევე ჩასატარებელია სხვა სახის სამუშაოები, რომლებიც ადგილზე უნდა დადგინდეს“, - წერია კასპის მერიის მიერ შედგენილ დოკუმენტში.

წინარეხის საჯარო სკოლამ აკრედიტაცია 2023 წელს გაიარა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახლად აშენებულ სკოლაში არ იყო დაცული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები