ახალი ამბები
გორში სტეფანე გრიქუროვის მემორიალური დაფა გაიხსნა

გორში საქართველოს დამსახურებული არტისტის, სტეფანე გრიქუროვის მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიებას მისი შთამომავალი, აკადემიკოსი ინესა მერაბიშვილი უძღვებოდა.

სტეფანე გრიქუროვი გორში დაიბადა 1896 წელს. 1912 წელს დაამთავრა ვაჟთა გიმნაზია და სწავლა თბილისის პირველ კომერციულ სასწავლებელში გააგრძელა.

1918 წელს გორში მუდმივმოქმედ დრამატულ წრეს შეუერთდა. 1920 წლის მიწისძვრის შედეგად ქალაქში თეატრალური წარმოდგენებისთვის გამოყენებული შენობაც განადგურდა, თუმცა თეატრალური ცხოვრება მალევე განახლდა.

გრიქუროვი იმ მსახიობთა შორის იყო, რომლებმაც გორის პროფესიული თეატრის ადრეული ისტორია შექმნეს.

1920-იანი წლებიდან იგი გორის სცენისმოყვარულთა დრამატულ წრეში გაერთიანდა და სხვადასხვა პერიოდში წრეს ხელმძღვანელობდა.

1933–1934 წლებში სცენისმოყვარულებთან ერთად პროფესიული დასის ჩამოყალიბებაზე მუშაობდა. 1934 წელს პროფესიული თეატრი დააფუძნეს.

გრიქუროვი ქართულ კინოშიც მონაწილეობდა. 1955 წელს იგი თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ფილმში „მაგდანას ლურჯა“ გამოჩნდა, სადაც გაბოს როლი შეასრულა. 1961 წელს კი სტეფანე გრიქუროვი მონაწილეობდა შოთა მანაგაძის ფილმში „კეთილი ადამიანები“.

1962 წელს დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს. გარდაიცვალა 1984 წელს 88 წლის ასაკში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები