ახალი ამბები
გორში დაჭრის ფაქტზე დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ

გორში, სადგურის დასახლებაში მომხდარ დაჭრის ფაქტზე დაკავებული პირები დანაშაულს არ აღიარებენ.

როგორც ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა ,,ქართლის ამბებს" განუცხადა, ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ სცნობენ.

სასამართლომ დღეს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა გამოიყენა.

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

,,ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალაქ გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მძიმე დაზიანება მიაყენა ნაცნობს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა."

,,დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს."

,,გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას ფლობდა ერთი პირი, თუმცა მან მომხდართან დაკავშირებით პოლიციას არ შეატყობინა." - ვკითხულობთ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, [მკვლელობის მცდელობა] და 236-ე და 376-ე მუხლებით [ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა და დანაშაულის შეუტყობინებლობის] მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები