დიდი ლიახვის ხეობის მუზეუმის თანამშრომელმა 2 წლის პენსია დაკარგა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2023 წლის მაისიდან 2025 წლის იანვრამდე მისაღები თანხა მას არ აუნაზღაურდება.
მიზეზი ისაა, რომ პენსიის აღდგენა მხოლოდ იმ დღიდან განისაზღვრა, როცა მან ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა.
პ.ბ.- ს პენსია 2023 წლის 1 მაისიდან შეუწყდა. სააგენტოს მიზეზად ის გარემოება ჰქონდა დასახელებული, რომ ის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მუშაობდა და, შესაბამისად, საჯარო საქმიანობას ეწეოდა.
პენსიის აღდგენის მოთხოვნით პ.ბ.-მ სააგენტოს 2 წლის შემდეგ 2025 წლის 23 იანვარს მიმართა, მას შემდეგ, რაც უფლისციხის მუზეუმის თანამშრომლებმა სახელმწიფოს პროცესი მოუგეს. მიმართვის და სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილების მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტომ მაინც უარი უთხრა პენსიის აღდგენაზე.
ამის შემდეგ, პ.მ. - მ 2025 წლის 23 აპრილს, გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა.
სასამართლომ პ.ბ.-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ მუზეუმ-ნაკრძალში მუშაობა პენსიის მიღებას ხელს არ უნდა უშლიდეს. კანონში მუზეუმი იმ გამონაკლისებს შორისაა, სადაც მუშაობა საჯარო საქმიანობად არ ითვლება.
სააგენტომ გადაწყვეტილება მაინც გაასაჩივრა, საქმე ჯერ სააპელაციო, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში წააგო. უზენაესმა სასამართლომ დაასკვნა, რომ მუზეუმ-ნაკრძალში საქმიანობა საჯარო საქმიანობას არ წარმოადგენს და პ.ბ.-ს პენსიის მიღების უფლება აქვს.
პენსია მას მხოლოდ იმ დღიდან დაენიშნა, როცა სააგენტოს მიმართა. შესაბამისად, 2023 წლის მაისიდან 2025 წლის იანვრამდე პერიოდის თანხა ამ გადაწყვეტილებით მუზეუმის თანამშრომელს არ უბრუნდება.
სტატიის გამოყენების პირობები