გორის ლურჯი ავტობუსების შეკეთების ტენდერში „თეგეტას“ გამარჯვება გაუქმდა. დავების საბჭომ „აზია სერვისის“ საჩივარი დააკმაყოფილა.
დავის მიზეზი „თეგეტას“ გამოცდილება გახდა. ტენდერის პირობებში ეწერა, რომ კომპანიას ბოლო სამი წლის განმავლობაში მინიმუმ 800 ათასი ლარის ღირებულების ავტობუსების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების გამოცდილება უნდა ჰქონოდა.
„თეგეტამ“ გამოცდილების დასამტკიცებლად გორის მერიას სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის ავტობუსების, მიკროავტობუსებისა და სპეციალური ტექნიკის მომსახურების მაგალითები წარუდგინა. გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტომ ეს გამოცდილება დამაკმაყოფილებლად მიიჩნია და კომპანია გამარჯვებულად გამოაცხადა.
„აზია სერვისმა“ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და აღნიშნა, რომ ავტობუსების შეკეთების საკმარისი გამოცდილება ,,თეგეტას'' არ ჰქონდა. ,,აზია სერვისი'' ავტობუსების ჩამოყვანიდან დღემდე გორის მერიას ემსახურება.
დავების საბჭომ მიიჩნია, რომ ,,აზია სერვისის'' არგუმენტი მართებულია, კერძოდ, საბჭოს აზრით, რაკი სატენდერო პირობებში გამოცდილების მოთხოვნა კონკრეტულად ავტობუსების მომსახურებას ეხებოდა, გორის მერიას მისი უფრო ფართოდ განმარტების უფლება არ ჰქონდა.
საბჭომ გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს დაავალა „თეგეტას“ გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება და დოკუმენტაციის ხელახლა შეფასება.
სტატიის გამოყენების პირობები