გორის III საჯარო სკოლაში სამუშაოების დასრულების ვადა ნოემბრამდე გახანგრძლივდა.
გათბობის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს „ციტადელი“ ასრულებს. კომპანიამ ვადის გადწევის მოთხოვნით მერიას მიმართა.
იმ დროს როცა კომპანიამ ვადის გადაწევა მოითხოვა, რესურსცენტრში სამუშაოების ვადაზე ადრე დასრულებაზე საუბრობენ. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა 1-ელ სექტემბერს გვითხრა, რომ სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში, 1 ოქტომბრამდე დასრულდება.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა კი ვადის გაგრძელება მიზანშეწონილად მიიჩნია. სამუშაოების შესრულებისთვის 1-ელი აგვისტოდან 90 კალენდარული დღე განისაზღვრა, რაც ნოემბრის დასაწყისამდე პერიოდს მოიცავს.
კომპანიის განმარტებით, სამუშაოები დროულად ვერ დაიწყეს, რადგან სკოლაში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობდა.
III საჯარო სკოლა გორის ცენტრში მდებარეობს და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მაღალკონტინგენტიანი სკოლაა. რესურსცენტრის ცნობით, მაღალი კლასის მოსწავლეები დროებით X საჯარო სკოლაში გადანაწილდნენ, დაწყებითი კლასები კი III სკოლაში აგრძელებენ სწავლას.
სკოლაში, გათბობის სისტემის გარდა, მერიის დაკვეთით სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მონტაჟიც მიმდინარეობს.
სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი კომენტარს არ აკეთებს. სკოლის ადმინისტრაციის გვერდზეც სამუშაოების ტემპის შესახებ ინფორმაცია არ ქვეყნდება
სტატიის გამოყენების პირობები