„ჩემი განყოფილებიდან ყველას შესთავაზეს სამსახური, ჩემს გარდა. განყოფილების უფროსი და სპეციალისტი სპორტის აიპიში დაასაქმეს. ჩემთვის არსად არაფერი შემოუთავაზებიათ. სწორედ ეს არის დისკრიმინაცია“ - აცხადებს თეა კეჩხუაშვილი.
დღეს, გორის მერიის გაუქმებული სპორტის განყოფილების ყოფილმა წარმომადგენელმა, თეა კეჩხუაშვილი სასამართლოს მიმართა. იგი მერიის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის შედეგადაც მისი განყოფილება გაუქმდა და თავად სამსახურის გარეშე დარჩა.
როგორც თეა კეჩხუაშვილმა „ქართლის ამბებს“ განუცხადა, სარჩელი დარღვევის რვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, დისკრიმინაციის ფაქტს.
კეჩხუაშვილის თქმით, დისკრიმინაცია იმაში გამოიხატა, რომ მისი განყოფილების ყველა თანამშრომელს სხვა პოზიციებზე დასაქმება შესთავაზეს, მის გარდა.
გორის მერიას დისკრიმინაციის საკითხზე ერთი სასამართლო დავა უკვე წაგებული აქვს და ძვირად დაუჯდა. 2024 წელს სასამართლომ დისკრიმინაციის ნაწილში გორის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანებას 100 000 ლარის გადახდა დააკისრა.
სტატიის გამოყენების პირობები