ქარელში, ყოფილი სამშობიარო საავადმყოფოს ტერიტორიაზე, დაპირისპირება გრძელდება. მონაზნმა ირინემ შენობის ეზოში სამშენებლო მასალები მიიტანა. იგი აცხადებს, რომ ეზოს შემოღობავს და წმინდა ირინეს სახელობის ტაძრის აშენებას დაიწყებს.
მეზობლები ეზოს შემოღობვას აპროტესტებენ და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ისინი შენობიდან დედა ირინეს გასახლებას, რომელიმე მონასტერში მის გადაყვანასა და ადგილზე სკვერის მოწყობას ითხოვენ.
მეზობლები რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტ, მეუფე იობსაც შეხვდნენ. მათი თქმით, მეუფემ განუცხადა, რომ თუ მონაზონი შენობაში უკანონოდ იმყოფება, შეუძლიათ გაასახლონ.
თავად დედა ირინე აცხადებს, რომ შენობის დატოვებას არ აპირებს და ამბობს, რომ მეზობლების მხრიდან ხელშეშლის ფაქტზე სამართლებრივი დავა უკვე დაიწყო. მისი თქმით, საკითხს ადვოკატები მოაგვარებენ.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შენობის მესაკუთრეებად ორი კომპანია: შპს „დასტაქარი“ და შპს „რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი“ ითლება. „დასტაქარი“ გინეკოლოგ მიხეილ სარაულს ეკუთვნის, „რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი“ კი არჩილ მუმლაძეს.
ამავე დოკუმენტების მიხედვით, დედა ირინეს 2013 წლიდან „რეგიონალურმა ჯანდაცვის ცენტრმა“ ფართი იჯარით გადასცა. იჯარის ვადა არაა აღნიშნული.
ივნისში „ქართლის ამბები“ წერდა, რომ დედა ირინემ ყოფილი სამშობიარო კლინიკის შენობაში წმინდა პანტელიმონ მკურნალის სახელობის დედათა მონასტერი გახსნა. რუის-ურბნისის ეპარქიაში ასეთი მონასტრის არსებობას უარყოფდნენ.
,,დასტაქარის'' მესაკუთრემ, გინეკოლოგმა მიხეილ სარაულმა განაცხადა, რომ შენობაში, დედა ირინეს ყოფნამ, ხელი შეუშალა სამშობიარო საქმიანობის გაგრძელებას და მისი თქმით, სწორედ ამის გამო სამშობიარო დაიხურა.
სარაული ასევე აცხადებს, რომ ქარელს კვლავ სჭირდება სამშობიარო დაწესებულება და შესაბამისი ფართის არსებობის შემთხვევაში მზად არის, საქმიანობა განაახლოს.
როგორ დასრულდება დავა, ჯერ უცნობია. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ გახდება ცნობილი, თუ ვის დაევალება მოქალაქეების განცხადების განხილვა.
სტატიის გამოყენების პირობები