ახალი ამბები
სოფელ ნიჩბისში ქვის მოპოვებითი სამუშაოები განახლდა

სოფელ ნიჩბისის ტერიტორიაზე ქვის მოპოვებითი სამუშაოები განახლდა. სამუშაოების განახლების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელ Facebook-ზე, „ნიჩბისის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მათთვის ცნობილი იყო, რომ ქვის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებული იყო და აღარ გაგრძელდებოდა. თუმცა, როგორც მოსახლეობა აცხადებს, სამუშაოები კვლავ განახლდა.

ადგილობრივებს ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაცია არ აქვთ, თუ რა ვადით გაგრძელდება სამუშაოები, რა მასშტაბის იქნება მოპოვება და რა პირობებით მიმდინარეობს საქმიანობა.

მოსახლეობა შესაბამისი უწყებებისგან განმარტებებსა და დეტალურ ინფორმაციას ითხოვს.

ნიჩბისის ტერიტორიაზე ქვის მოპოვებასთან დაკავშირებით სხვადასხვა წლებში რამდენიმე ლიცენზიაა გაცემული. მათ შორის, 2020 წლის 30 აპრილს შპს „ნიჩბურა 2020“-ს ზემო ნიჩბისის მიმდებარე ტერიტორიაზე „ნიჩბისის“ ტუფოქვიშაქვის მოპოვების ლიცენზია 50 450 კუბური მეტრის ოდენობით, 5 წლის ვადით მიენიჭა.

ოფიციალურ ლიცენზიათა რეესტრში ასევე ფიქსირდება ზემო ნიჩბისში, მდინარე ნიჩბისისწყლის მარჯვენა ნაპირზე, საჭიქეს-ხევის ტერიტორიაზე ტუფოქვიშაქვის მოპოვების ლიცენზიები შპს „ხეკორძისა“ და შპს „გისანის“ სახელზე, რომელთა მოქმედების ვადად 2026 წლის 8 ნოემბერია მითითებული

Print

სტატიის გამოყენების პირობები