გორის მე-3 საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებს ერთი თვის განმავლობაში სწავლა მე-10 საჯარო სკოლის სივრცეში მოუწევთ. ამის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ბერძნიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მე-3 სკოლის სივრცეში მხოლოდ I-IV კლასის მოსწავლეები დარჩებიან.
„მეათე საჯარო სკოლაში ერთი თვით გადასვლა მოუწევთ მაღალი კლასის მოსწავლეებს. რაც შეეხება პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით ბავშვებს, ისინი ჩვეულებრივ დაიწყებენ სწავლას მესამე საჯარო სკოლის სივრცეში“, – განაცხადა გიორგი ბერძნიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მე-3 საჯარო სკოლაში გათბობის სისტემის სამუშაოები მიმდინარეობს და სამუშაოების დასრულება 3 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი.
„გათბობის სისტემის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 3 ნოემბერს უნდა დასრულდეს და ამის შემდეგ, შეიძლება უფრო მალეც, მაღალი კლასის მოსწავლეები მესამე საჯარო სკოლაში [გადავლენ]“, – აღნიშნა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.
სტატიის გამოყენების პირობები