ახალი ამბები
გორი-ხურვალეთის მიკროავტობუსმა რეისი ჩაშალა

დღეს დილით გორიდან ხურვალეთის მიმართულებით მიკროავტობუსს რეისი 08:15 საათზე უნდა შეესრულებინა, თუმცა ტრანსპორტი ავტოსადგურიდან არ გასულა.

ამის გამო ხანდაზმულთა სახლში დასაქმებულ ოთხ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურად გორიდან ხურვალეთში გადაადგილდებიან, სამსახურში ტაქსით წასვლა მოუხდათ.

თანამშრომლებმა რეისის შეუსრულებლობის მიზეზის გარკვევა ავტოსადგურის დისპეტჩერთან სცადეს. დისპეტჩერის თქმით, მძღოლთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

„ვურეკავ და გათიშულია ტელეფონი“, — უთხრა დისპეტჩერმა თანამშრომლებს.

„ვინ აგებს პასუხს? სამსახურში ვერ მივდივართ“, — მიმართეს ქალებმა დისპეტჩერს.

„რა ვქნათ, ქალბატონო, ჩვენი არ არის. ვისია და... ბუხო სამი შვიდიანის“, — უპასუხა დისპეტჩერმა.

საუბარია შპს „ბუქო 777“-ზე, რომელსაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის უფლება აქვს მოპოვებული.

ხურვალეთში მდებარე ხანდაზმულთა თავშესაფრის დირექტორი ლუდა სალია „ქართლის ამბებთან“ ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ზაფხულში ხშირია და თანამშრომლებს ტაქსით გადაადგილება უწევთ.

„თავშესაფარში ოთხი თანამშრომელი დადის ყოველდღე გორიდან ხურვალეთში. დღეს დილით, მაგალითად, ტაქსით მოუხდათ წამოსვლა, რადგან მიკროავტობუსი ავტოსადგურიდან არ გამოვიდა. ტაქსი 20 ლარი ღირს და იძულებულები ვართ, ტაქსით ვისარგებლოთ.

ასე ვიტანჯებით მთელი ზაფხული: როცა უნდა, შეასრულებენ რეისს, როცა უნდა — არა. რეგულარულად მხოლოდ მაშინ დადიან, როცა სკოლა იწყება. 3 ლარი გახადეს მგზავრობის საფასური, მაგაზეც აღარ გვაქვს პრობლემა და, აჰა, არც კი ასრულებენ საკუთარ საქმეს“, - ამბობს ლუდა სალია.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა სოფლისთვის, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

„გორის მერი ბრძანდებოდა სოფელში. მინდოდა მეთქვა ჩვენი პრობლემა, მაგრამ მხოლოდ ერთი უბნის მოსახლეობას შეხვდა. სოფლის რწმუნებულმა თავის სამეზობლოს შეახვედრა და მათ კი ახალი ურნები მოითხოვეს, თითქოს სოფელში სხვა პრობლემა არ იყოს.

იაპონიაში ერთი ბავშვის გამო დადის მატარებელი და ჩვენ რა გავხდით? ხომ შეიძლება, ვინმემ მოგვაქციოს ყურადღება? ბოლოს და ბოლოს, საოკუპაციო ხაზთან ვართ.

არც ეს და არც წინა მერი, ლადო ხინჩეგაშვილი, ერთხელ არ მოსულა თავშესაფარში. კოტე თავზარაშვილი სანატრელი გაგვიხდა. განა ბევრს ვითხოვ, უბრალოდ, მორალურ მხარდაჭერას უნდა ვგრძნობდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან“, - აცხადებს სალია.

ხურვალეთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულარული მოძრაობა მათთვის აუცილებელია, რადგან სოფელში გადაადგილება სხვა ალტერნატივით, მათ შორის ტაქსით, ყოველდღიურად დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები