ახალი ამბები
ხაშურში, მერიის წინ ხელოვნური კუნძულების მოწყობას მძღოლების უკმაყოფილება მოჰყვა

ხაშურში ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში რამდენიმე ადგილზე ხელოვნური კუნძულები მოეწყობა. პროექტით უკმაყოფილოა მძღოლების ნაწილი. მათი თქმით, სამანქანო გზა ვიწროვდება, რაც გადაადგილებას შეაფერხებს.

„სრულად საკმარისი ზომის იყო არსებული კუნძულები. ეს, ზომით გასამმაგებული კუნძულები, რა ოხრობაა და რა გათვლებით კეთდება? პარიზში, დე გოლის მოედანზე, ერთ კუნძულსაც ვერ ნახავ. დავიჯერო, პარიზს ჯობია ხაშური?! ან აქაური დამპროექტებლები უფრო ჭკვიანები არიან ფრანგებზე?“ – წერს მერაბ გრიგალაშვილი.

„ისეთი ვიწრო სამანქანო გზაა დარჩენილი კუნძულებს შორის. ზამთარი და ყინვა გაითვალისწინეთ, ამდენ მანქანას ნუ დალეწავთ“, – ამბობს მაკა ჯანიბეგაშვილი.

ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო სუხიაშვილის, განმარტებით, სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა და პროექტი დამტკიცებული გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

„ჯერ მიმდინარე სამუშაოებია. დამტკიცებული პროექტი, რაც არის, იმის შესაბამისად ხორციელდება. მოქალაქე როცა რამეს ამბობს, რამდენად კვალიფიციურია, რა საექსპერტო ცოდნაზე დაყრდნობით ამბობს, ეგ კიდევ მეორე საკითხია. ჯერ არ დასრულებულა პროექტი და კმაყოფილება-უკმაყოფილებაზე საუბარი მე პირადად ნაადრევი მგონია. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, – გვითხრა ნინო სუხიაშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები