ახალი ამბები
ხაშურის რესურსცენტრი დაუმთავრებელი სკოლების მშენებლობებზე განცხადებას ავრცელებს

ხაშურის რესურსცენტრის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტში სკოლების დაუმთავრებელი მშენებლობების შესახებაა საუბარი.

განცხადებაში საუბარია იმ სკოლების მდგომარეობაზე, რომლებიც ამ ეტაპზე სასწავლო პროცესს ალტერნატიულ ფართებში ახორციელებენ. რესურსცენტრის ინფორმაციით, ასეთ სკოლებს შორის არიან ხაშურის №4 საჯარო სკოლა, დაბა სურამის №4 საჯარო სკოლა, სოფელ ვაყის, ნაბახტევისა და წრომის საჯარო სკოლები.

რესურსცენტრის განცხადებით, სკოლების მშენებლობისა და სრული რეაბილიტაციის საკითხები შესაბამისი უფლებამოსილი უწყებების კომპეტენციას წარმოადგენს. ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ შესაბამის სტრუქტურებთან აქტიურად თანამშრომლობს და მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებების შესახებ მათ ინფორმაციას მუდმივად აწვდის.

ხაშურის №4 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით, რესურსცენტრის ინფორმაციით, შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ეს ის სკოლაა, სადაც გასულ წელს პედაგოგებმა აქცია გამართეს. ხაშურის დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ კი პედაგოგს შეურაცხყოფა მიაყენა - თქვენ პედაგოგი არ იქნებითო.

რაც შეეხება სხვა სკოლებს, უწყებაში აცხადებენ:

„რესურსცენტრი აქტიურად აგრძელებს შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციას და გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი გახდება მათი მშენებლობისა და/ან სრული რეაბილიტაციის პროცესების დაწყების საკითხის შემდგომი წინსვლა.“ - წერია განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები