ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქალაქ რუსთავში, დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულების ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 33 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "ტეტრაჰიდროკანაბინოლი", ე.წ. ჰაშიში, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს.
განცხადებაში ვკითხულობთ:
აღნიშნული ნარკოტიკის ნაწილი დაკავებულ პირებს, ამავე ბინაში ავტომანქანის საბურავებში ჰქონდათ გადამალული.
სამართალდამცველების მიერ რუსთავში, ბრალდებულების კიდევ ერთი საცხოვრებელი ბინიდან და სასტუმროს ნომრიდან, ასევე ამოღებულია, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, „ჰეროინი“ და „მეთადონი“.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ნარკოტიკის რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით გეგმავდნენ, თუმცა სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად დანაშაულებრივი განზრახვა ვერ განახორციელეს.
გარდა აღნიშნული პირებისა, გასული რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა კიდევ 24 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 15 პირია.
აღნიშნული პირები ნარკოდანაშაულებრივ სქემებში სხვადასხვა ფორმით იყვნენ ჩართულები, მათ შორის, იყენებდნენ როგორც ინტერნეტაპლიკაციებს, ასევე, ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდსა და ნარკოტიკების კონკრეტულ ადგილებში განთავსების ხერხს.
სამართალდამცავებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ფული.
ასევე, ამოღებულია, სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო კულტივირება ხდებოდა. "- წერია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 19 – 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სტატიის გამოყენების პირობები