გოსტიბესთან დამაკავშირებელი გზის მოსაწყობად კასპის მუნიციპალიტეტმა 1.6 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. თანხა სრულად ხალხის მიერ გადახდილი გადასახედბიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი 1.8 კილომეტრი სიგრძის გზის მოწყობას ითვალისწინებს. გზაზე უნდა დაიგოს მინიმუმ 18 სანტიმეტრის სისქის რკინა-ბეტონის საფარი.
პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სანიაღვრეებისა და წყალამრიდების მოწყობა, ეზოებში შესასვლელების გაკეთება და, საჭიროების შემთხვევაში, სანიაღვრე არხების, ღარების, ლითონის ცხაურებისა და გზის გადამკვეთი მილების მოწყობა. სამუშაოები ასევე მოიცავს საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულზე მოყვანას.
დოკუმენტაციის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში გზის გარკვეულ მონაკვეთებზე რკინა-ბეტონის დამცავი კედლებიც უნდა მოეწყოს.
ტენდერში წინადადებების მიღება 1 სექტემბერს დასრულდა. ამ ეტაპზე კასპის მერია კომპანია „ცეკურის“ მიერ წარდგენილ შეთავაზებას განიხილავს. საბოლოო გამარჯვებული ჯერ განსაზღვრული არ არის.
თუ კომპანია ტენდერში გაიმარჯვებს და ხელშეკრულება გაფორმდება, სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს და 2027 წელს გაგრძელდეს. სამუშაოების შესრულებისთვის განსაზღვრულია ჯამში 120 დღე.
სტატიის გამოყენების პირობები