სამშენებლო კომპანია ,,ინფრაკონის'' განცხადებით, მზოვრეთის გზის დაზიანება გამოიწვია გეოლოგიურმა პროცესმა.
,,ქართლის ამბების'' მიერ ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ რედაქციას კომპანიის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ მათ მიერ შესრულებული სამუშაოების გამო არ მომხდარა გზის დაზიანება.
მათი განცხადებით ამას ადასტურებს შესაბამისი აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოს მიერ მომზადებული დადებითი ექსპერტიზის დასკვნა, ასევე, ის ფაქტი, რომ ქარელის მერიის მხრიდან არ მომხდარა ხარვეზების გამოსწორებაზე მომართვა.
გთავაზობთ განცხადებას:
თქვენს მიერ 2026 წლის 6 აპრილს სოციალური ქსელის მეშვეობით - ქართლისამბები / Qartli.ge-ს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ იქნა სტატია, რომელიც უკავშირდება შპს „ინფრაკონ“-ის მიერ სოფელ ორთუბანში მზოვრეთის მონასტრის მისასვლელი გზის სარეაბილიაციო სამუშაოებს.
მოგახსენებთ, რომ თქვენს მიერ გამოქვეყნებული სტატია არ შეესაბამება რეალობას, ხოლო გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოქვეყნებით, ახდენთ ფაქტების დამახინჯებას და ხელს უწყობს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.
მოგახსენებთ, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადდა ტენდერი სოფელ ორთუბანში მზოვრეთის მონასტრამდე მისასვლელი გზის ასფალტირების სამუშაოების განხორციელების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები უნდა შესრულებულიყო შემსყიდველის (მოცემულ შემთხვევაში, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის) მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.
აღნიშნული ტენდერის ფარგლებში, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, შპს „ინფრაკონმა“ განახორციელა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად სოფელ ორთუბანში მზოვრეთის მონასტრამდე მისასვლელი გზის ასფალტირების სამუშაოები.
მოგახსენებთ, რომ ჩვენს მიერ ხარისხიანად და ჯეროვნად შესრულდა სამუშაოები, რომლის საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასა და ხარისხთან შესაბამისობა დასტურდება შესაბამისი აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოს მიერ მომზადებული დადებითი ექსპერტიზის დასკვნით და შესაბამისი სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტით, რომლის თანახმად ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩაიბარა ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოები (შესაბამისი დოკუმენტაცია ატვირთულია საიტზე - tenders.procurement.gov.ge.)
გაცნობებთ, რომ გასულ პერიოდში აღნიშნული მონაკვეთის დაზიანების შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ადასტურებს, რომ „სამუშაოების შესრულების ხარისხი შეესაბამებოდა საქართველოში მოქმედი სამშენებლო სამუშაოების წარმოება-მიღების ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოთხოვნებს“, ხოლო მათივე განმარტებით გზის გარკვეულ მონაკვეთებზე წარმოქმნილი დაზიანებები გამოწვეულია გეოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე, რის გამოც ქარელის მინიციპალიტეტის მერიის მიერ საპროექტო ორგანიზაციის წინააღმდეგ დაწყებულია სასამართლო დავა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ რადგანაც შპს „ინფრაკონის“ მიერ შესრულებული სამუშაოების გამო არ მომხდარა გზის მონაკვეთის დაზიანება (ვინაიდან ჩენს მიერ შესრულებული სამუშაოების პროექტთან და ხარისხთან შესაბამისობა დადასტურებულია ექსპერტიზის საფუძველზე), შპს „ინფრაკონ“-ის მიმართ არ მომხდარა ხარვეზების გამოსწორებაზე მომართვა, შესაბამისად არც ჩვენს კომპანიას გამოუხატავს მზაობა იმ ხარვეზების გამოსწორებაზე, რომელიც გამოწვეულია ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.'' - აღნიშნულია წერილში.
სტატიის გამოყენების პირობები